,,უკრაინაში შექმნილი ვითარება მსოფლიო პოლიტიკის მთავარი განხილვის თემაა. ასევე, აშკარად ჩანს, მსოფლიოს ახალი გადანაწილების კონტურები, მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, არის ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური ვითარების მიმართ. საქართველოს ხელისუფლება კი, ფაქტიურად დუმს. ქართულ სახელმწიფოს, პირველ რიგში, მის ხელისუფლებას, არა თუ ინიციატივის გამოჩენა, არამედ რუსეთის წინააღმდეგ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება არ შეუძლია!!!”-აცხადებს “თაიმერთან” ინტერვიუში პოლიტიკოსი კახა მიქაია.
როგორც კახა მიქაია აცხადებს, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული არაა და უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი აგრესია მისი სტრატეგიული ინტერესების სფეროს არ წარმოადგენს.
– ქართული სახემწიფო ასე რატომ იქცევა?
– ყოველივე ეს განპირობებულია რუსეთისადმი ივანიშვილის ხელისუფლების ტოტალური შიშით. მომავალში, სწორედ ეს შიში შეიძლება გახდეს ჩვენთვის ევროპაში საბოლოო ინტეგრაციის შემაფერხებელი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საზოგადოების ინდიფერენტულობა და ოპოზიციის სისუსტე, ბიძინა ივანიშვილსა და დღევანდელ ხელისუფლებას ხელს აძლევს, დაიკავოს სწორედ ისეთი პოზიცია, რომელიც დაცლილია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისაგან და ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას რეგიონში.
-ნატოს ბოლოდროინდელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ალიანსს პოზიცია, პრაქტიკულად შეცვლილი აქვს, ანუ მხოლოდ შეშფოთებას კი არა, მკაცრ პოზიციას გამოხატავს.რასთან გვაქვს საქმე?
ვფიქრობ, დასავლეთმა დღეს უკვე საბოლოოდ გაათვიცნობიერა მოსალოდნელი საფრთხე. რუსეთის თავგასულობა და მისი აგრესიული პოლიტიკა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისადმი, ყოველგვარ საზღვარს გასცდა.
წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებების მიერ წარმოებულმა არათანმიმდევრულმა, ანტიდემოკრატიულმა პილიტიკამ, რომელიც ხშირად ადამიანის უფლებებისადმი და თავისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, თავისი შედეგები გამოიღო. ქართული ხელისუფლებების სწრაფვამ ტოტალიტარული, რუსული მმართველობისაკენ, ქართული საზოგადოება თანდათან შეამზადა იმ აზრისათვის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დიდი მეზობლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება, ჩვენი პოზიციის დაცვა-დაფიქსირება, რომ დასავლეთი მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთების ფორმატში იქნება ჩვენი მოკავშირე, რამაც ხელი შეუწყო ანტიდასავლური განწყობების დამკვდრებას საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ივანიშვილის ხელისუფლებამ კი, ეს პროცესი თავისი პრორუსული და ანტიდასავლური პოზიციით, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
არადა, რომ არა ნატოსა და დასავლეთის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ჩვენ ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილის და ვერც ივანიშვილის ხელისუფლებების პირობებში, ვერ შევინარჩუნებდით დამოუკიდებლობას და დღემდე ვერ დავრჩებოდით დასავლეთისა და, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ დასაყრდენად და მოკავშირედ კავკასიაში.
ჩვენ ისევ არჩევანის წინაშე ვდგავართ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური ალიანსის წევრი და საკუთარი ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის დიდ სახლში. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას. დღეს ჩვენ უჩვეულო მდგომარეობაში ვართ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში დატრიალებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, გვაქცია მდგმურებად საკუთარ სახლში…
ივანიშვილის ხელისუფლების წყალობით, ამ ბოლო დროს, ქვეყანაში მომძლავრდნენ პრორუსული ძალები, ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ძალები და ექსპერტ-გამპრავებლები ძალას არ იშურებენ, ქვეყანა დააბრუნონ და სამუდამოდ დატოვონ რუსეთის ორბიტაზე. ე.წ. 3+3 ფორმატის განხილვა-პოპულარიზაციაც ამის თვალსაჩინო მაგალითია.
– რუსეთმა განაცხადა, რომ ვერ აიტანს მეზობელად ნატოს. რას იტყვით ამაზე?
– დასავლეთმა, რუსეთის ამ ულტიმატუმს, ნატო-რუსეთის ბოლო შეხვედრაზე, ადეკვატური და მკაფიო პასუხი გასცა.
– სიმბოლური იყო ქართული დროშა 3+3 ფორმატის შეხვედრაზე?
ჩვენ არ უნდა ვიყოთ 3+3 ფორმატის წევრი. ქართული დროშა არ უნდა ფრიალებდეს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. ფაქტია, რაც უფრო დიდ ხანს შეინარჩუნებს ძალაუფლებას დღევანდელი ხელისუფლება და ამ პროცესში მისი სპარინგპარტნიორი იქნება ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო დამძიმდება პოლიტიკური ვითარება ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ…