მიმოხილვა, უკრაინაში მიმდინარე ამბები

მიმომხელველმა – გიორგი კობერიძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

  • რუსებმა დონეცკის რაიონის ქალაქი ლიმანის დაკავება შეძლეს. უკრაინელებმა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ქალაქში დამატებითი ნაწილების შეყვანა განახორციელეს დღეს ორგანიზებული უკან დახევა ამჯობინეს. რუსებმა და სეპარატისტულმა ძალებმა ქალაქის ურბანული ნაწილი აიღეს. უკრაინელები ქალაქის გარეუბანში, სარკინიგზო კვანძთან არიან გამაგრებულები. ამასთან, მათი მეორე და ძირითადი თავდაცვის ზღუდე მდინარე სივერსკი დონეცზე გადის. პრაქტიკულად რუსებმა მდინარის გასწვრივ ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება მოახერხეს, თუმცა მდინარეზე საკვანძო ადგილებში გადასვლის ყველა მცდელობა ჩაუვარდათ და უმძიმესი დანაკარგებით მოუწიათ უკუქცევა. რეალურად, ლიმანის დასავლეთით რუსების წინსვლის შემთხვევაში ყველაზე დიდი უკრაინული წინააღმდეგობა ქალაქ სლავიანსკთან იქნება წარმოდგენილი. თუკი რუსებმა ლიმანის აღებას 23 დღე მოანდომეს, სლავიანსკი მათთვის პრაქტიკულად დაუძლეველი წინააღმდეგობა იქნება.
  • რუსებს პოპასნაიადან ბახმუტისაკენ გაჭრის მცდელობა ჩაუვარდათ. მათ ვერ შეძლეს და ვერ დაიკავეს ბახმუტი-სევეროდონეცკის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი და იძულებულები შეიქნენ უკან დაეხიათ. თუმცა სატრანსპორტო დერეფანი რუსების ინტენსიური საარტილერიო ცეცხლქვეშაა მოქცეული. სევეროდონეცკისაკენ მიმავალი კიდევ ერთი გზა არსებობს, ქალაქი სივერსკის გავლით, თუმცა გამტარუნარიანობა ბახმუტის მაგისტრალს მეტი აქვს.
  • ბრძოლა სევეროდონეცკისათვის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. რუსები ქალაქს სამი მხრიდან უტევენ, მაგრამ უკრაინელებმა აღმოსავლეთის დაჯგუფებას ტყისკენ დაახევინეს უკან. მხოლოდ ჩრდილოეთიდან შეჭრილი რუსული ნაწილები აგრძელებენ უშალოდ ქალაქის გარეუბანში ბრძოლას. რუსებს იმაზე დიდი დანაკარგი აქვთ ცოცხალი ძალის მხრივ, ვიდრე ამას მოელოდნენ, რის გამოც სეპარატისტებისა და დონეცკის რაიონში ბაზირებული დამატებითი ნაწილებს სევეროდონეცკის მიმართულებაზე გადმოსროლა მოუწიათ.
  • რუსები ზაპორიჟიას რაიონში, ჰულიაპოლესთან, პოლოჰიში დიდი რაოდენობით შემტევ ნაწილებს უყრიან თავს. მათი მხრიდან ქალაქის სამჯერ აღების მცდელობა განმეორებითი მარცხით დასრულდა. ახლა რუსებმა დაიწყეს დამატებითი ნაწილების შეგროვება. ჰულიაპოლე ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსპორტო კვანძია ზაპორიჟიაში. თუმცა ეს არაა მთავარი – თუკი უკრაინელები კონტრშეტევაზე სამხრეთის მიმართულებით გადავლენ ჰულიაპოლესა და ორიხივის გარეშე ნებისმიერი ლოჯისტიკური მომარაგება ჩავარდნილი იქნება.
  • დიდი ინტენსივობით ჩაერთო საბრძოლო ოპერაციებში უკრაინული მოიერიშე ავიაცია. მათ არამხოლოდ მზა თვითმფრინავები მიიღეს მოკავშირეებისაგან, არამედ დაშლილ მდგომარეობაში არსებული სათადარიგო ნაწილები, რომელთაგანაც თვითმფრინავის აწყობა თავად შეძლეს.
  • მობილიზებული უკრაინული ნაწილების თავმოყრა გრძელდება. ამჯერად 700 ათასი უკრაინელი სამხედროა მობილიზებული. ასობით ათასის მობილიზება, წვრთნა და აღჭურვა გრძელდება. თუკი რუსები ორი კვირა ამზადებენ საკუთარ სამხედროებს და შემდეგ საზარბაზნე ხორცად უშვებენ ფრონტის ხაზზე უკრაინელები თვე-ნახევარს უთმობენ თითოეული სამხედროს გადამზადებას.
  • ახალ-ახალი დასავლური იარაღი ჩნდება აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ესაა რუსების საარტილერიო დუელში დამარცხების მიზეზი. იზიუმის დაჯგუფების ჩავარდნა სწორედ არტილერიის უზუსტობის მიზეზია. უკრაინელებმა არამხოლოდ ტექნოლოგიაში, არამედ სიზუსტეში აჯობეს მოწინააღმდეგეს.