მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა:

სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის პროგრამაში 9 ძირითადი მიზანია გამოყოფილი, მათ შორის: სასამართლო რეფორმა, ინგლისური სამართალი, არბიტრაჟი, ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია; დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების საჭიროება; ენერგეტიკული განვითარება; ბიუროკრატია ხალხისთვის და არამიზნობრივი ხარჯების გაუქმება; ერთი გადასახადის პრინციპის შემოღება; ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის განვითარება; ლაზიკის მშენებლობა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ქართული სილიკონის ველი.

„ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი წლები როდესაც ეკონომიკა ვერ განვითარდა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად გაჭირვებამ, ტრანსპორტზე, საკვებზე და მედიკამენტებზე მაღალმა ფასებმა, უზარმაზარმა კომუნალურმა გადასახადებმა, უპერსპექტივობამ და ქვეყნის ყველაზე ქმედუნარიანი მოქალაქეებისგან დაცლის პოლიტიკამ, ჩვენს ასობით ათას თანამოქალაქეს დააკარგვინა ჯანმრთელობა, ბევრს სიცოცხლე და ბევრსაც საკუთარ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობაზე ათქმევინა უარი.

ამ ყველაფერს დაემატა პანდემიის არასწორი მართვა, რის შედეგადაც პატარა საქართველომ 15 000 მდე სიცოცხლე დაკარგა. შედეგად, ამ მაჩვენებლით საქართველო 1 მილიონ ადამიანზე გაანგარიშებით მსოფლიოში ყველაზე უარესი შედეგის მქონე 5 ქვეყანაში მოხვდა.

ჩვენი მიზანია შევქმნათ სახელმწიფო რომელიც მოემსახურება როგორც ქართველო ხალხის კულტურის, ტრადიციის და იდენტობის დაცვას, ისე უზრუნველყოფს მის პროგრესულ მომავალს და კეთილდღეობას.

ჩვენს ახლო სამეზობლოში, საქართველო საზღვრიდან 1000-1500 კილომეტრის რადიუსში, საქართველოს აქვს შანსი იყოს ნამდვილი და გამორჩეული ლიდერი.

საქართველო უნდა გახდეს, სიმშვიდის, სტაბილურობის და განჭვრეტადი და პროგნოზირებადი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მქონე სახელმწიფო“, – წერს სააკაშვილი და დასძენს, რომ „ჩვენ უნდა ვიყოთ დაბალი გადასახადების, დაცული კერძო საკუთრების და ეფექტური მცირე ბიუროკრატიის ქვეყანა“.