მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მყოფი მოშიმშილეები მოინახულა და მათ მესამე პრეზიდენტის გზავნილი გააცნო.
მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს, რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.
“მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე”, – თქვა ნიკა მელიამ.