სლავური ავღანეთი თუ უკან დახევა-ზურა ბატიაშვილის ანალიზი

მე მაინც მგონია, რომ მთელი ამ ამბის თავიდათავი პუტინის არასწორი გათვლაა (miscalculation), რომელმაც ამერიკელების ავღანეთიდან გასვლა გლობალურ მასშტაბში არაერთიანი დასავლეთის გარდაუვალ დაღმასვლად შეაფასა და გადაწყვიტა, რომ იდეალური დროა იქით შესატევად.

ამაში თავისი წვლილი ალბათ მისმა ასაკმა და კოვიდის გამო ორწლიან იზოლაციაში (მაქსიმალურადაა შემცირებული იმ ადამიანთა წრე, ვისაც მასთან წვდომა აქვთ) ყოფნამაც შეიტანა.რუსეთის ჯარების უკრაინის საზღვრებზე მიყრა, მუქარები და დასავლეთისთვის ყოვლად მიუღებელი ულტიმატუმების წაყენება ამ არასწორი კალკულაციის ნაწილია.

მაგრამ მოხდა პირიქით, დასავლეთმა არამხოლოდ აქამდე არნახული ერთიანობა და წინააღმდეგობა აჩვენა (მხოლოდ გერმანიამ აითრია ფეხი), არამედ მაქსიმალურად (მათ შორის, კიევის სერიოზული შეიარაღებითაც) გვერდში დაუდგა უკრაინას.ახლა პუტინი ორ ცეცხლს შუაა და მძიმე არჩევანი უნდა გააკეთოს: 1) შეიჭრას უკრაინაში, რითაც მიიღებს “სლავურ ავღანეთსა” და უმკაცრეს დასავლურ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლის პერსპექტივით;2) უკან დაიხიოს (არ დაიწყოს ომი) და დაკარგოს სახე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – მის გარეთ.ჭადრაკში არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც მოთამაშე შეტევაში ისე გალაღდება და ღრმად შეტოპავს, რომ უცებ აღმოჩნდება გარდაუვალი მარცხის წინაშე, როდესაც ნებისმიერი სვლა წამგებიანია.ასეთ მდგომარეობაშია დღეს პუტინი და მთელი ცივილიზებული მსოფლიო, რომელსაც არსადაც არ ეჩქარება, მშვიდად და გაწონასწორებულად ელოდება, თუ რომელ არასწორ სვლას აარჩევს იგი-ზურაბ ბატიაშვილი.