ნახეთ, როგორ არის დამოკიდებული ქართული ეკონომიკა რუსეთზე

ძალიან საინტერესო ანგარიში გამოაქვეყნა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”.

2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი „კოვიდ” პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 2-ჯერ აღემატება. 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% იყო, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს – 9.9%-ს 2018 წელს აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. გარდა ამისა, რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც წელსაც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია.

კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

●          2022 წელს საქართველოში 15,000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 22,400-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი 66% უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა;

●        გასულ წელს დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;

●          2022 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 6.8%-ით გაიზარდა და 652 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-დეკემბერში კი ექსპორტი 3.2%-ით არის გაზრდილი, რაც  ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 5-ჯერ ზრდამ განაპირობა;

 საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 14.4%-დან 11.7%-მდე შემცირდა. წილის შემცირება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ რუსეთში ქართული ექსპორტი უფრო ნაკლები ტემპით გაიზარდა (6.8%), ვიდრე საქართველოს მთლიანი ექსპორტი ყველა ქვეყანასთან (32%);