მეუფე ნიკოლოზიც გამოეხმაურა ამ განცხადებას და მზაობა განაცხადა,მიხეილ სააკაშვილს გამოუყოს საკუთარი სივრცე:
„მინდა კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე მაგალითად, პირადადაც კი, თანახმა ვარ, ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვუყო რაღაცა სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს და მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ… ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვაც და ყველაფერი… რატომ უნდა გადაიყვანონ უკრაინაში, მოიხადოს აქ… მე ვთავაზობ საქართველოს ხელისუფლებას, ყველანაირად ვითანამშრომლებდი მათთან იმაზე რომ ყველა პირობა რაც წესი და რიგია იყოს დაცული“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ,რომ: მხოლოდ ერთ პატიმართან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება, რომ მან სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს, არასწორია.
„მესმის ძალიან ბევრი ადამიანის სურვილი, რომ პატიმარმა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, თუმცა, მე ვარ სახალხო დამცველი და ჩემი დაცვის ქვეშ არის ათასობით პატიმარი, რომლებსაც შესაძლებელია მსგავსი პრობლემები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ მან რაც შეიძლება ადრე დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, მაგრამ გამიჭირდება ასეთი განცხადება მხოლოდ ერთ პატიმართან დაკავშირებით გავაკეთო“, – განაცხადა ლომჯარიამ.