ემანუელ მაკრონი უკრაინის მხარდასაჭერად 300 მილიონ ევროს გამოყოფს

მაკრონმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად 300 მილიონ ევროს გამოყოფს. ამასთან, ემანუელ მაკრონი მზადყოფნას გამოთქვამს, მიაწოდოს უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა.

ემანუელ მაკრონის თქმით, მას პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით ჰქონდა გულწრფელი საუბარი პუტინთან, თუმცა ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა „ომი აირჩია“.

„მე მქონდა გულწრფელი, პირდაპირი საუბარი პრეზიდენტ პუტინთან ზელენსკის თხოვნით, რათა მეთხოვა მისთვის, შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები, რაც შეიძლება მალე და შემეთავაზებინა მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკისთან. ასე რომ, მე გადავეცი გზავნილი საფრანგეთისგან რუსეთის ფედერაციას მკაფიოდ. ამას რამე შედეგი არ გამოუღია, თქვენ შეგიძლიათ, ეს ცხადად დაინახოთ ამ მომენტისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა აირჩია ომი“, – განაცხადა მაკრონმა.