გაუქმდა თუ ჩაიშალა?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით.

„ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო ფორმატია, რომელიც ხორციელდება ევროპარლამენტის პრეზიდენტის და შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე და მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგის წახალისების მხარდაჭერას-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და დამტკიცებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციებისა და ინტერესების ერთმანეთთან შეთანხმება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.