საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ საქმე ეხება დეპოლარზაციას, გადაწყვეტილებას ყოველთვის ქვეყნის სასარგებლოდ მიიღებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საგანი.
პრეზიდენტმა კითხვას- ხომ არ არის შესაძლებელი, გადახედოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ არა და არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც ქვეყანას პოლარიზაციისკენ უბიძგებს.
„ზოგადად, სიტყვას ვასრულებ. მგონი, არავინ არ არის, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია. ესეც არის ნდობის მომენტი. მგონია, რომ სწორედ იმ სამ მაგალითზე დაყრდნობით უკვე დაინახა საზოგადოებამ, რომ როდესაც მიმაჩნდა, შეიძლებოდა, დეპოლარიზაციის მიმართულებით გადამედგა ნაბიჯი, რაც არ უნდა მტკივნეული და სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი, საბაბი და არა დეპოლარიზაციის. არ მგონია, ვინმემ ამაში გადამარწმუნოს. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი. არაფერს არ გავაკეთებ ისეთს, რაც დამატებით წაიყვანს პოლარიზაციისკენ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.