ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, რუსეთისგან დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება, რადგან ნატო-ს მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირად დაუჯდება.
იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებაზეც.
„ეს თუ მოხდება, ეს იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ უხეში დარღვევა, რადგან ეჭვგარეშეა, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასეთი აღიარება იქნება საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა და არა მხოლოდ; ეს ასევე იქნება მინსკის შეთანხმების დარღვევა. ეს კიდევ უფრო გაართულებს პოლიტიკური გამოსავლის ძიებას მინსკის შეთანხმების საფუძველზე“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო და მისი მოკავშირეები მხარს უჭერენ ნორმანდიულ ფორმატს, კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად.