პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა კომიკურია და იგი ცდილობს, რომ უკრაინაში არსებული ყველა პრობლემა გადაფაროს.
საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ყაველაშვილი სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ შიმშილობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ისტორიის გადაწერას ცდილობს.
„არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენად შეიძლება რაიმე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი, ამ ადამიანს თემები გამოელევა, ცდილობს, ყურადღება მიიპყროს. დღეს, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინის პრობლემაზე. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, როგორმე ყველა პრობლემა გადაფაროს და მთელი საზოგადოება მისი ეგოს გარშემო ამოძრაოს. რა თქმა უნდა, მისი შიმშილობა კომიკურია. მანამდეც იყო გამოცხადებული და რითი დასრულდა, ყველამ კარგად დავინახეთ. რა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი? – ასობით ადამიანი იყო ნატანჯი და მოკლული მათი მმართველობის დროს სრულიად უმიზეზოდ. ამ ადამიანებს ისტორიის გადაწერა სურთ. თითქოს, არაფერი იყო და ხალხს დაავიწყონ, რა ხდებოდა და ვითომ, მიხეილ სააკაშვილი რეფორმატორი იყო. ეს ადამიანი ცდილობს, ისტორია გადაწეროს, მაგრამ მის მიმართ რჩევა მაქვს – აღიაროს რაც ჩაიდინა და მაშინ ექნება რეაბილიტაციის დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ არსებული დამოკიდებულება არ შეიცვლება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.