რას მოუტანს რუსეთს მობილიზაცია?!

ვლადიმერ პუტინის დღევანდელ საგანგებო მიმართვას, ყველაზე მეტად ეტყობოდა, რომ ის კუთხეშია მიმწყვდეული, გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს, ამიტომ ვერ გარისკა საყოველთაო მობილიზაცია, მაგრამ გადარჩენა სრუს და ამისთვის საზოგადოების შეუგუებას იწყებს, რომ რუსეთს უკვე ოფიციალურად ებრძვის დასავლეთი, მთელი თავისი სამხედრო-ტექნიკური საშუალებებით და ნაწილობრივ ცოცხალი ძალითაც, რაც შემდგომ უკვე თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმაც დაადასტურა.

დავიწყოთ პუტინით, რომელმაც პირველ რიგში სამხედრო ოპერაციას დაარქვა ომი, რომელსაც უკრაინა 2014 წლიდან აწარმოებს, კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერით რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ საჭიროა დამატებითი რესურსები და ნაწილობრივი მობილიზაცია, რომლებიც შეეხება მხოლოდ რეზერვისტებს და ჯარში ნამსახურებ პიროვნებებს, რომელთაც გააჩნიათ სპეციალიზირებული ცოდნა და გამოცდილება. ისინი ბრძოლის ველზე გაგზავნამდე გაივლიან სპეციალურ მომზადებას, სამობილიზაციო ცენტრებში, მათ გაუფორმდებათ კონტრაქტები და მიიღებენ ანაზღაურებას.

პუტინის თქმით, დასავლეთს ისევე სურს რუსეთის დასუსტება და დაშლა, შემდგომ კი განადგურება, როგორც ეს საბჭოთა კავშირის გაუკეთეს 1991 წელს.

პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა ყველა წითელი ხაზი გადალახა, მისი თქმით ხორციელდება რუსეთის ტერიტოირებზე გამუდმებული დარტყმები და მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიის სისტემატიური დაზვერვა.

პუტინი მხარს უჭერს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსეთთან მიერთების რეფერენდუმს, რადგან თვლის, რომ ეს მათი ნებაა და “ნოვოროსიის” ხალხებს არ სურთ ნეო-ნაცისტური მმართველობის ქვეშ ცხოვრება.

პუტინმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთის მთავარი მიზანი არის დონბასის რეგიონის გათავისუფლება და ის არ შეიცვლება, ხოლო ამჟამად, სეპარატისტულ რეგიონებში მყოფი სეპარატისტი მებრძოლები აღიარებულ იქნებიან როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრები.

პუტინის თქმით, დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს ბირთვული შეიარაღებით, სწორედ ამიტომ რუსეთი ვალდებულია, გამოიყენოს ყველა საშუალება, მათ შორის ბირთვული ტრიადა, რათა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

პუტინის გამოსვლის შემდეგ, ზუსტად ამავე პათოსით გააგრძელა საუბარი,თავის საგანგებო მიმართვაში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთს ბრძოლა უწევს არა უკრაინასთან არამედ მთელს NATO-სთან, რომლებიც აიარაღებენ უკრაინას, სამოქალაქო და სამხედრო სატელიტებით აწვდიან სადაზვერვო ინფორმაციას და მონაწილეობენ უშუალოდ ბრძოლაში, მოხალისეების სახით.

შოიგუს თქმით, რუსეთმა უკვე გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების ნახევარი და მათთან ერთად 2000 უცხოელი მოხალისე, რუსეთის დანაკარგები კი, სულ რაღაც 5937 სამხედროა.

შოიგუმ განაცხადა, რომ პუტინის ბრძანების შესაბამისად, მოხდება 300 000 რეზერვისტის გამოძახება და ბრძანება ძალაში შედის დღეიდან.

შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, რუსეთს შეუძლია 25 მილიონიანი სამობილიზაციო რესურსის გაწვევა ფრონტზე, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს.

როგორც თავში აღვნიშნე, პუტინი ხვდება საკუთარ ურთულეს ვითარებას, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს, თუმცა ებღაუჭება გადარჩენის წყურვილს და ცდილობს, როგორმე თავიდან აირიდოს სწრაფი ფორმალური მარცხი, რისთვისაც საჭიროა დამატებითი ცოცხალი ძალა, ნაწილობრივი მობილიზაციის სახით,

სავარაუდოდ, მარცხის გაფორმების შედარებით გაწელილ პერიოდში, რუსეთში დაიწყება, პროპაგანდისტული საშუალებებით საზოგადოების მასობრივი შეგუების მცდელობა, კოლექტიური დასავლეთის და NATO-ს სიძლიერესთან დაკავშირებით,

ეცდებიან შექმნან განწყობა, ბირთვული საფრთიხის, რომ თუ კი, უფრო გამწვავდება სიტუაცია შეიძლება NATO-მ გამოიყენოს ბირთვული შეიარაღება, რაც გამოიწვევს სრულ კატასტროფას, მათ შორის რუსეთის განადგურებას ან სუვერენიტეტის დაკარგვას,

ეცდებიან, საზოგადოება წინასწარ შეაგუონ, ცუდსა და უარეს შორის ცუდზე, ანუ შეაგუონ მარცხს,

და ამით თავიდან აიცილონ, მარცხი გაფორმების შემდეგ, საზოგადოებაში მასობრივი უკმაყოფილება, რაც პუტინის მმართველობის დასასრულს ნიშნავს,

დიახ, პუტინის დღევანდელი გამოსვლით, ნათელი გახდა, რომ ის შეეგუა მარცხს და ცდილობს საკუთარი ტყავის გადარჩენას, რაც მთავარია რუსეთში, ძალაუფლებასთან ერთად – World Military