რა მოხდა 17 მაისს უკრაინაში

მიმომხილველმა გიორგი კობერიძემ, უკრაინაში 17 მაისს განვითარება მოვლენები შეაჯამა :

  • მარიუპოლში სიტუაცია ჯერ კიდევ ბუნდოვანია. წუხელ “აზოვის” სამხედრო ლიდერის დენის პროკოპენკოს მიმართვის შემდეგ დაიწყო აზოვსტალიდან დაჭრილების გამოყვანის პროცესი, რასაც შედარებით მსუბუქად დაშავებული უკრაინელი მცველებიც მიჰყვნენ. პროკოპენკომ აღნიშნა, რომ ისინი ბრძანებას ასრულებენ, რომელიც უმაღლესი სარდლობიდან ანუ კიევიდან მოდის.

დაჭრილების უმრავლესობა 2014 წელს რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს.

შედარებით ნაკლებად დაშავებული უკრაინელები კი ოკუპირებული დონბასის სხვადასხვა მხარეში გადაანაწილებენ.

პროცესი ნელი და ფრთხილია. ჯერაც არ ჩანს არცერთი ლიდერი – არც საზღვაო ქვეითების და არც “აზოვის”. იმის გამო, რომ რუსების ნდობა არ შეიძლება მცველები არ ჩქარობენ.

ამასთან უკრაინელები შეეცდებიან, რომ მარიუპოლის მცველები ქალაქიდან გამოსვლის შემთხვევაში უკლებლივ გადავიდნენ მათსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც დიდი რაოდენობით მაღალი ფასის მქონე რუს ტყვეებში გაცვლას შეიძლება გულისხმობდეს. ასეთები კი უკრაინას ბევრი ჰყავს.

თუმცა აუცილებლად იქნება მედია პროპაგანდა რუსეთის მხრიდან. კრემლი შეეცდება უკვე გამოყვანილი ჯარისკაცებით მანიპულირებას და აღნიშნული მოვლენის დანებებად წარმოჩენად. შეიძლება იყოს მუქარაც და დადგმული სცენებიც. თუმცა ერთია რა იქნება რუსული საზოგადოებისათვის ნაჩვენები და მერეა როგორ მოხდება უკრაინელი მცველების გადაცემა ან ტყვედ დატოვება. და როგორი იქნება უკრაინელთა ან ჯერ კიდევ აზოვსტალში მყოფების პასუხი.

თუმცა უკრაინელები გუშინ არ დაბადებულან და იციან, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ამიტომ შესაძლოა ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკება კიდეც შემდგარია. ფაქტია ისიც, რომ აზოვის ერთ-ერთი დამაარსებელი და ყოფილი პოლიტიკური ლიდერი ანდრეი ბელიცკი მიმართვაში უსვამს ხაზს, რომ ამ შემთხვევაში ბევრი კითხვის დასმა და ჩაძიება სიტუაციას არ გააუმჯობესებს და შესაძლოა აზოველების დახსნის პროცესი შეაფერხოს.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები დაჭრილი ტყვეების წამება და მოკვლა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან მათზე მრავალი თვალი და მრავალი ყურია მიპყრობილი. ხოლო აზოვსტალი კვლავ უკრაინელების ხელშია და საჭირო შეთანხმების გარეშე მას არავინ დათმობს.

ფაქტია, რომ უკრაინელთა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასული თითოეული აზოველი დიდი გამოცდილების მქონე სამხედრო სიმბოლო იქნება. ეს თავის მხრივ დიდი ცდუნებაა რუსებისათვისაც, რომლებიც მათ შენარჩუნებას შეეცდება ან გაცვლისას უფრო დიდ ფასს დაადებენ.

  • საბრძოლო ოპერაციების მთავარ მიმართულებად კვლავ ხარკივის რაიონი რჩება, სადაც უკრაინელებმა მდინარე სივერსკი დონეცი გადალახეს და აღმოსავლეთ სანაპიროზე შემტევი პოზიციები დაიკავეს. გარემო ჭაობიანია, ხიდები დაზიანებული, ხოლო პონტონური ხიდები არასანდო. ამიტომ რთული სათქმელია რამდენად მოჰყვება ამ შეტევას ფართო გაგრძელება მოკლე ხანში, მაგრამ შეტევის მიმართულება საკმაოდ ლოგიკურია – ისინი უკრაინელთა წინააღმდეგ სიღრმეში ჩასულ რუსულ ნაწილებს ჩრდილოეთიდან უვლიან და ისე ცდილობენ გადაუკეტონ მომარაგება. ამასთან შეინიშნება უკრაინელთა პოზიციური ბრძოლები ჩუჰივის სამხრეთითაც. ამ გზის მეშვეობით უკრაინულ ნაწილებს შეუძლიათ რუსების მომარაგება კუპიანსკთან გადაჭრან. და მესამე მნიშვნელოვანი ადგილი ბალაკლიაა, რომლის ირგვლივაც უკრაინელებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრულმასშატაბიანი შემტევი პოზიცია დაკავებული, თუმცა შეტაკებებმა ამ მიმართულებითაც იმატა. ყველაზე საინტერესო მაინც სწორედ სტარი სალტივია, რომელიც რუსების ყველაზე დიდი ნაწილების ზურგიდან განადგურებისა და დონბასში ღრმად შეჭრის შანსს ქმნის.

  • რუსული კოლონები იბომბება დონეცკის რაიონში, სადაც მათ ჯავშანტრანსპორტიორების დიდი რაოდენობა შეიყვანეს. თავის მხრივ რუსული ავიაცია დღეს აქტიურად მუშაობდა მთელი დონეცკის ირგვლივ. იბომბებოდა როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო ობიექტები.
  • ლუგანსკის რაიონში, სევეროდონეცკის ირგვლივ უკრაინელებმა კონტრშეტევა მოაწყეს და რუსებს მცირედით დაახევინეს უკან. ესაა უფრო პოზიციების გაუმჯობესების მცდელობა, ვიდრე მასშტაბური შეტევა, მაგრამ ქალაქს საფრთხე შედარებით შეუმცირდა. თუმცა მთავარი ესა არაა – რუსების სწრაფი წინსვლის მცდელობა ჩავარდნიალია და ქალაქის გარეუბნებიდან სიღრმეში შეღწევა სრულად აღკვეთილი. ეს კი რუსული ნაწილების გამოფიტვის პროცესს მხოლოდ დააჩქარებს.
  • დაიბომბა რუსეთის, კურსკის რაიონის სასაზღვრო პოზიციები, სადაც რუსებს საცეცხლე წერტილები ჰქონდათ მოწყობილი. ეს ყველაფერი უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა.
  • ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუმის რაიონში რუსებმა დივერსიული ჯგუფების შეყვანა სცადეს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე. მესაზღვრე სამხედროებმა მათი განადგურება შეძლეს. დივერსიული ჯგუფების შეღწევის მცდელობა რუსებს ყველა მიმართულებიდან შეიძლება ჰქონდეს. ეს უკრაინელებს კარგად აქვთ გააზრებული და პრაქტიკულად მთელი სასაზღვრო პერიმეტრი კარგადაა გამაგრებული.