მიმდინარე დღეებში მმართველი გუნდი ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ მედიისა და არასამთავრობოების “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოცხადებით არაფერი ფუჭდება: საქმე მხოლოდ მეტ გამჭვირვალობას ეხება და პროტესტის საფუძველი არ არსებობს.
ასეა ეს? სტატიაში მოკლედ გეტყვით, რატომ არის საშიში ის, რის კანონად ქცევასაც “ქართული ოცნება” და მისი მოკავშირეები ცდილობენ.
“ფინანსური ან დაზღვევის აგენტიც ხომ არსებობს?!”
დიახ, სიტყვა “აგენტი” მხოლოდ ჯაშუშს არ ნიშნავს. თუმცა, მნიშვნელობა აქვს კონტექსტს:
ერთი მხრივ, ესაა ნეგატიური დატვირთვა, რომელსაც სიტყვა “აგენტი” ატარებს ქართულ რეალობაში — განსაკუთრებით, საბჭოთა წასრულის გავლენით, როცა ეს სიტყვა მრავალი მოქალაქის გონებაში ჩაიბეჭდა ჯაშუშის, მტრული ძალის წარმომადგენლის მნიშვნელობით.
მეორე მხრივ, თუ მაინც დავუშვებთ, რომ ცალკე აღებული “აგენტი” ცუდს არაფერს ნიშნავს, აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა, რა მნიშვნელობას იძენს ის სიტყვათშეთანხმებაში “უცხოური გავლენის აგენტი” და როგორ “ამდიდრებს” ამ მნიშვნელობას ხელისუფლების რიტორიკა.
პასუხის საპოვნელად მმართველი გუნდის განცხადებები დავიხმაროთ:
გავიხსენოთ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორი სატელევიზიო ეთერი 1 კვირის ინტერვალით: პირველ შემთხვევაში კობახიძე გვიმტკიცებდა, რომ აგენტი ჯაშუშს არ ნიშნავს, მეორეში კი უკვე ჯაშუშის კონტექსტი შემოიტანა და გვითხრა, როცა აგენტი ხარ, სამშობლოს წინააღმდეგ გიწევს წასვლაო.
აქვე გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ნოემბერში როგორ მოიხსენიებდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და კანონპროექტის ინიციატორი “ხალხის ძალა” არასამთავრობო ორგანიზაციებს ამერიკის აგენტურად, რომლის დაფინანსებაც მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო.
უფრო მანამდე, 2022 წლის ზაფხულში “დასავლეთის აგენტურაზე” და მისი კანონით რეგულირების აუცილებლობაზე საუბარი მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედმა პირებმა დაიწყეს, რომლებიც საზოგადოებას ანალიტიკოსებად წარმოუდგებიან. ისინი პირდაპირ ავლებდნენ პარალელს აგენტებსა და ჯაშუშებს შორის. შესაბამისად, ნათელია, რომ მმართველი გუნდი სიტყვა აგენტში სწორედ ჯაშუშის მნიშვნელობას დებს და ამ გზით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიასაშუალებების დისკრედიტაციას.
რატომ არის რუსული, თუ აშშ-შიც მოქმედებს?
იმიტომ, რომ კანონპროექტის მიზანია რუსული: ჯერ შეურაცხყოს, შეზღუდოს და შემდეგ საბოლოოდ გაანადგუროს კრიტიკული არასამთავრობოები და მედიასაშუალებები.
აშშ-ში ნამდვილად მოქმედებს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), თუმცა აქაც მნიშვნელოვანია კონტექსტი:
ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ — მიიღეს.
ამჟამად, იმისათვის, რომ სუბიექტი აგენტად აშშ-ში რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება. მაგალითად, FARA-ში რეგისტრირებულია რუსული სამთავრობო-პროპაგანდსიტული “სპუტნიკი” და “რაშა თუდეი”, მაგრამ არ არის რეგისტრირებული სხვა ქვეყნებში დაფუძნებული მედიასაშუალებები, როგორიცაა BBC, გარდიანი და სხვა.