რუსეთის შეჭრის თარიღი უკრაინაში ცნობილია?!

რონდელის ფონდის მკვლევარმა, ზურა ბატიაშვილმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა საკუთარი “ფეისბუკის” საშუალებით,სადაც ის ანალიზის სახით გვთავაზობს მოცემულობას და სავარაუდო თარიღებს, როდესაც შესაძლოა მოხდეს კონფლიქტის გაღვივება და სავარაუდო სამხედრო მოქმედებების დაწყება რუსული მხარის მხრიდან.

“როგორც მოსალოდნელიც იყო, მოსკოვი იწყებს ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 6 რუსული სადესანტო გემის შავ ზღვაში ამოყვანას (ამისთვის 5-6 დღე იქნება საჭირო).
სავარაუდოდ, ასევე 1 კვირა დასჭირდება დამატებითი რუსული სახმელეთო ნაწილების საბოლოო განთავსებას უკრაინის საზღვრებთან.
ასევე, დაახლოებით 1 კვირაში გაირკვევა დიპლომატიური შეხვედრების ბედიც.
დაახლოებით 1 კვირაშივე ელიან მიწის გაყინვას, რაც აუცილებელია მძიმე ტექნიკის თავისუფალი გადაადგილებისთვის.

აი, ამ 1 კვირის შემდეგ კი დაიწყება ყველაზე კრიტიკული 2 კვირა, როდესაც რუსეთს დასრულებული ექნება როგორც სამხედრო სამზადისი, ისე – შეტევისთვის გაყინული იქნება მიწა. შესაბამისად, მოიმატებს შეჭრის ალბათობაც.
მე არ ვამბობ, რომ სხვა დროს რუსეთი ვერ შეუტევს უკრაინას. უბრალოდ, თუ იგი ამის გაკეთებას აპირებს, ამისთვის ყველაზე ლოგიკური დრო 14-28 თებერვალს შორის პერიოდში იქნება.
ეს კარგად იციან დასავლეთშიც, სადაც საგრძნობლად მოუმატეს სამხედრო დახმარების ტემპს.
დასავლეთი ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ შეიარაღებას აგზავნის უკრაინაში, რათა შეტევის დაწყების შემთხვევაში მოსკოვს არამხოლოდ ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწიოს.”