უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა თქვა, რომ რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასობრივ თავდასხმას გეგმავს.
როგორც დანილოვმა აღნიშნა, უკრაინა მზად არის დარტყმებისთვის და ამას გაუმკლავდება.
“ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ვფიქრობ, უკვე გავიგეთ რა არის თავდასხმები, მას შემდეგ რაც ერთ დღეში 115-120 რაკეტა “მივიღეთ”. ამ დღესაც გავუმკლავდებით. დიახ, რთული იქნება, უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უნდა გვესმოდეს, რომ ამას ჩვენ ყველანი გადავლახავთ”, –განაცხადა დანილოვმა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ზაფხულში სრულიად განსხვავებულ ვითარებას ვიხილავთ ფრონტზე მთლიანობაში და ცალკეულ მონაკვეთებში. მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ძლიერები და ერთიანები არიან, მაშინ როცა ოკუპანტებს არც მოტივაცია აქვთ და არც ის ესმით, თუ რატომ იბრძვიან.