სამხედრო გადაჯგუფებები უკრაინაში

21 ივნისის შეჯამება უკრაინაში:

  • ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია ლუგანსკის რაიონში. დღეს რუსებმა ლისიჩანსკიდან სამხრეთით დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარე ტოშკივკა სრულად აიღეს და ჩრდილო-დასავლეთით ლისიჩანსკი-ზოლოტეს გზის გადაკეტვაც მოახერხეს მირნა დოლასთან. ეს კი საკვანძო მნიშვნელობისაა უკრაინელებისათვის, რადგან ფლანგების ჩამოშლა რუსებს მოქმედების თავისუფლებას აძლევს ხოლო უკრაინელებს ძალიან ასუსტებს. დიდი ალბათობით უკრაინელები სასწრაფო ევაკუაციას განახორციელებენ ზოლოტედან და ლისიჩანსკიდან სამხრეთ-დასავლეთით გამაგრდებიან. ეს ყველაფერი ზოგად მდგომარეობასაც ართულებს, რადგან ზოლოტეს თავდაცვის ზღუდე რუსების შეკავების ერთ-ერთი ღერძული წერტილი იყო.

გარდა ამისა, ზოლოტეს მომიჯნავედ რუსებმა კომიშუვახას აღმოსავლეთით გზის გასწვრივ ავითრებენ შეტევას და თუკი დროულად არ მოხერხდა ზოლოტეს დაჯგუფების გამოყვანა ალყის საფრთხე იქმნება. ამასთან, ბოლო დღეებში კომიშუვახასთან რუსული დიდი რაოდენობის ტექნიკა იქნა განადგურებული.

  • სიტუაცია დამძიმდა ბახმუტი-ლისიჩანსკის გზაზე. რუსები უშუალოდ უტევენ ბერესტოვესა და ბილოჰორივკას გზის მიმართულებით, ხოლო მაგისტრალის გასწვრივ სამიზნედ მიკოლაივკაა ამოღებული. პრაქტიკულად ბახმუტი-ლისიჩანსკის საგზაო მონაკვეთი შეტაკებების უმთავრეს ზონადაა ქცეული.
  • ბრძოლა სევეროდონეცკის ინდუსტრიულ რაიონში გრძელდება. ცენტრალურ ხიდთან ახლოს ბრძოლა მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი გადასასვლელები დაზიანებულია, თუმცა მსუბუქი ნაწილები ადვილად ახერხებენ ქალაქში შესვლას. რუსებმა დიდი დანაკარგები მიიღეს ინდუსტრიულ რაიონში ბრძოლისას. ეს რაიონი პატარა არაა და თავისი ზომით აზოვსტალს არ ჩამოუვარდება. ასე რომ აქ რუსების წინსვლა მხოლოდ ლიმიტირებულია.
  • უკრაინელები ლისიჩანსკის დასაცავად დიდი რაოდენობით სამხედრო ძალებს უყრიან თავს. სამხედრო ტექნიკის შეყვანასთან ერთად უკრაინელებს გამოჰყავთ ქალაქში დარჩენილი ბოლო მოსახლეებიც.
  • რუსები მთელი განვლილი 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად ბომბავდნენ დონეცკის რაიონს. საარტილერიო იერიში მიმდინარეობდა ავდიივკაზე. რუსებმა სამიზნედ სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და სამოქალაქო დაწესებულებები ამოიღო. ქალაქის დიდი ნაწილი ევაკუირებულია, მაგრამ დარჩენილ მოსახლეობაშ მსხვერპლი მაინც მზარდია.
  • უკრაინელებმა დაბომბეს რუსული პოზიციები კუნძულ ზმეინზე. როგორც ჩანს ეს იყო არამხოლოდ სამიზნეების განადგურების მცდელობა არამედ შესაძლოა ყოფილიყო ცალკეული საარტილერიო დანადგარების ნათლობაც. ჯერჯერობით ადრეა ზუსტი შეფასებები.
  • კვლავ უწყვეტად იბომბება ქალაქი დონეცკის რუსული სამხედრო-საცეცხლე პოზიციები. უკრაინელებმა მოახერხეს და რუსები დააბეს დონეცკზე და იქიდან სხვა მიმართულებებზე წინსვლის საშუალებას არ აძლევენ მოწინააღმდეგეს.
  • დონეცკის რაიონში უკრაინელებმა რუსები დაატყვევეს, რომლებიც მარადიორობით იყვნენ დაკავებულნი. სხვათა შორის რეალობა იგივეა – რუსებს არც საკმარისი იარაღი და არც საკმარისი საკვები აქვთ. უბრალოდ ხორცსაკეპში ბევრი ადამიანის ჩაგდებას ცდილობენ.

წერს მიმომხილველი – გიორგი კობერიძე.