სამხედრო მიმოხილვა-უკრაინა

16 ივნისის შეჯამება უკრაინაში:

სამხედრო ნაწილი

  • ხერსონის რაიონში, ქალაქ ნოვა კახოვკაში უკრაინელებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსეთის კიდევ ერთ ბაზაზე. ამ მიმართულებით უკრაინა ძალიან აქტიურია. რუსულ ნაწილებში კი მსხვერპლი ძალიან გაზრდილი.
  • სიტუაცია ლუგანსკის რაიონის ქალაქ სევეროდონეცკში კრიტიკულია. ქალაქის ლოჯისტიკური მომარაგება ჭირს. იბომბება ხიდები და ქალაქისაკენ მიმავალი გზები. მიუხედავად ამისა, რუსებმა უკრაინის კონტროლირებად ინდუსტრიულ რაიონში წინსვლა ვეღარ შეძლეს და უფრო მეტად საცხოვრებელი უბნების სრულ დაკავებაზე არიან გადასულები. ამასთან, აზოტის ქარხნის ამბები არ არის ისეთი დრამატული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უკრაინელები მინიმუმ ორი მხრიდან ქარხნის ტერიტორიასთან კავშირს ახერხებენ. გარდა ამისა, უკრაინელები ქალაქიდან სამხრეთით, 5 კილომეტრის დაშორებით დასახლება ბორივსკესთან აკავებენ რუსების წინსვლას.
  • ზარპორიჟიას რაიონში უკრაინელებმა კვლავ მიიტანეს ქალაქ პოლოჰის მიმართულებით რუსულ პოზიციებზე იერიშები.
  • იზიუმი-სლავიანკის მიმართულებაზე უკრაინელებმა რუსული იერიშები არტილერიით და დრონების გამოყენებით შეაჩერეს. ბრძოლა გრძელდება გზიდან 5 კილომეტრის დაშორებით, მდინარე სივერსკი დონეცის გასწვრივ. რუსებს ათი ათასზე მეტი სამხედრო ჰყავთ მობილიზებული ამ მიმართულებით და მიუხედავად ინტენსიური დაწოლისა სვიატოჰირსკის მომიჯნავედ, მდინარის დასავლეთ სანაპიროზე ქალაქი ბოჰოროდიჩნეს სრულად დაკავება და შენარჩუნებაც კი ვერ შეძლეს. ბრძოლა ქალაქისათვის გრძელდება.
  • ხერსონის რაიონში უკრაინული კონტრშეტევა ყველა მიმართულებით – კახოვკასა და ხერსონისაკენ – სინქრონულად მიმდინარეობს. თუმცა რუსების მხრიდან საარტილერიო იერიშები ძალიან გააქტიურდა იმ პოზიციების მიმართულებით, სადაც უკრაინელები არიან გამაგრებულები.
  • ხარკივის რიაონში ბრძოლა სტარი სალტივიდან ჩრდილოეთით გრძელდება. უკრაინელებმა სრულად გააჩერეს რუსული შეტევა. ამ მიმართულებით ჯავშანტექნიკის დანაკარგი რუსებს განსაკუთრებით დიდი აქვთ.
  • არახამიას განცხადება, რომ უკრაინა დღეში 1000 ადამიანამდე კარგავს გადაჭარბებულად მეჩვენება. ის კი არა პოდოლიაკმა რომ 200 სამხედრო დაასახელა ესეც კი ძალიან დიდი ციფრია. თუკი უკრაინელები დაცვაში ამდენს კარგავენ რუსები შეტევისას ორჯერ მეტს უნდა კარგავდნენ (საკუთარ ტერიტორიაზე დაცვაში მყოფი ძალა, მით უფრო ურბანულ სივრცეში, ბევრად ცოტას კარგავს, ვიდრე შემტევი ნაწილები, მით უფრო გამოუცდელები, უცხო ტერიტორიაზე), რაც ასევე ძალიან დიდი ციფრი იქნებოდა იმ ურბანული ბრძოლების გათვალისწინებით, რომლებიც მიმდინარეობს. საბრძოლო ოპერაციები სევეროდონეკში, იზიუმი-სლავიანსკის გზაზე და ბახმუტი-ლისიჩანსკის მაგისტრალზე 40 დღეა მიმდინარეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინელების 40 ათასამდე, ხოლო რუსების დანაკარგები 80 ათასამდე იქნებოდა მხოლოდ ამ 40 დღეში. 2014 წელს უკრაინელებმა სადაც რამდენიმე დღიანი (ან კვირიანი) ბრძოლის შემდეგ დიდი დანაკარგები მიიღეს – 700-800 სამხედრომდე – იქ მოწინააღმდეგის შეკავება ვეღარც შეძლეს. ასე რომ ამ რაოდენობის დანაკარგზე საუბარი გადაჭარბებულია მგონია. რა თქმა უნდა, მშვიდობიან მოსახლეობაზე არ ვსაუბრობ, რადგან მათში მსხვერპლი უკვე იმდენად დიდია, რომ 50 ათასსაც კი შეიძლება აჭარბებდეს.

პოლიტიკური ნაწილი:

  • დღეს ლავროვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი სრულიად სუფთა არ არის, მაგრამ საერთოდაც არ რცხვენია ამის. ანუ მარტივად რომ გადავთარგმნოთ ეს სიტყვები – დიახ, რუსეთს გააზრებული აქვს თავისი აგრესორობა და დანაშაულები, მაგრამ საერთოდ არ რცხვენია ამისო. ამაზე მეტი ხისტი სიგნალი რა უნდა იყოს?!
  • იტალიის, რუმინეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები კიევში ჩავიდნენ და უკრაინას სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას შეჰპირდნენ. მათ შორის მხარდაჭერა იქნება ევროინტეგრაციის პროცესშიც. საქართველოზე ორაზროვანი განცხადებაც იყო მაკრონის მხრიდან, მაგრამ ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება. ხვალ ევროკომისიის რეკომენდაციას დაველოდოთ – წერს, მიმომხილველი გიორგი კობერიძე.