უგულავა: აქცია პოლიტიკოსების გარეშე წარმოუდგენელია

2002 წელია, 7 თუ 8 ივლისი. მოკლედ, 20 წლის წინ. ამ სურათის უკან დიდი შრომა იმალება. პირველ რიგში არასამთავრობოების, სამოქალაქო საზოგადოების. ეს აქცია რომ შემდგარიყო მაშინდელი ნჯო-ები, რუსთავი2-ის დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი და ზოგადად ყველა ჩვენთაგანი, დავდიოდით ოფისიდან ოფისში – ზურაბ ჟვანისთან ვაშლიჯვარში, მიშასთან -საკრებულოში, სახლში, ოფისში, ახლებთან – ორთაჭალაში – ვთხოვდით, ვითხოვდით, ვაშანტაჟებდით, რომ ერთად ყოფილიყვნენ. რთული იყო. აბა ეგოები მაშინ გენახათ გინდათ პოლიტიკურ ლიდერებს და გნებავთ ენჯ ლიდერებს შორის. დღევანდელი ახლოსაც ვერ მივა. რთული იყო ამ დღის ორგანიზება. მერე ბევრჯერ დაიშალენ. 2003-ში ზურა და მიშა ხალხთან ერთად გარეთ აღმოჩნდა, ახლები – შევარდნაძესთან ერთად პარლამენტში. მაგრამ ეს ისტორიაა და ყველას თავის გზა აქვს. ეს პოსტი სხვა რამეზეა.

მაშინ სამოქალაქო საზოგადოება თავის მისიად იმედისმომცემი პარტიების და ლიდერების კოორდინაციას ვთვლიდით, მუდმივად ინტერაქციაში ვიყავით, ვეხმარებოდით. არავის თავში აზრად არ მოუვიდოდა – პოლიტიკოსები არ გვინდა! პირიქით, პოლიტიკოსების იძულებით ვიყავით დაკავებული რომ ერთად ემოქმედათ. აეღოთ პასუხისმგებლობა პროცესებზე. აბა მაშინ იყო თუ იყო პოლიტიკოსებზე დაკომპლექსების კამპანია, მაგრამ ყველას გვესმოდა, რომ პოლიტიკურ პროცესს არა ჩაკეტვა, არამედ მეტი ჩართულობა სჭირდებოდა. ასე გაგრძელდა 2003-შიც ვარდების რევოლუციის დროსაც.

დღეს პირიქით სურათს ვხედავთ, რაც ფუნდამენტურად მცდარად მეჩვენება. ჩემი აზრით, 20,24 ივნის-3 ივლისის აქციების სწორი ანალიზია საჭირო, რომ შემოდგომაზე იგივე შეცდომები არ განმეორდეს. ყველას გვესმის, რომ შეცდომის დაშვების უფლება აღარავის აქვს. ძალინ ცოტა დრო და ძალიან ბევრი რამე დევს სასწორზე

ჭეშმარიტების მომენტი დგება და ჩვენც მზად უნდა დავხვდეთ – ინფორმაციას ავრცელებს გიგი უგულავა.