“უკრაინას შეუძლია პირდაპირ მოსკოვი დაბომბოს”-ვაჟა შუბითიძე

45 მილიონიან უკრაინას  მთელი  მსოფლიო  უჭერს  მხარს  და  არა  მარტო  მორალურად –  რუსები  აქ  წლობით  ჩაეფლობიან  და  საწადელს  მაინც  ვერ  მიაღწევენ, – ამის შესახებ “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე აცხადებს.

მისივე თქმით, უკრაინაში  ფართო  საომარი  ოპერაციების  დაწყების  ალბათობა 25-30%-ია.

“მიუხედავად  კრემლის  მხრიდან  ინტენსიური  საომარი  რიტორიკისა  და გამოხდომებისა (რაც  მიზნად  ისახავს  დასავლეთის  დაშანტაჟებას  და თუ  დიდი  არა, უმნიშვნელო  დათმობასაც კი- რომ  3  წელი  უკრაინა-საქართველო  არ  შეიყვანონ  ნატოში  პუტინის  ხელახლა  არჩევამდე  2024  წელს) უკრაინაში  ფართო  საომარი  ოპერაციების  დაწყების  ალბათობა 25- 30-%-ია მხოლოდ  და  ამას  რამდენიმე  მიზეზი  განაპირობებს:

1. რუსეთმა  ხელიდან გაუშვა  ომის  დაწყების  უკეთესი  შანსი  შარშან,  აპრილში,  როცა  არც  უკრაინა  და  არც  დასავლეთი  არ  იყო  მზად  ასეთი  ომისთვის, მაშინ  ვერ  გაბედა  და  ახლა,  როცა  უკრაინაც  მთელი  წელია  ემზადება  თავდაცვისათვის  და  მთელი  დასავლეთი  ეხმარება  იარაღით  და  ფულით,  ახლა  უფრო  სარისკოა  მისთვის  ასეთი  მძიმე  და  რუსეთისთვისაც  დამანგრეველი  გადაწყვეტილების  მიღება.

2. რუსეთის  ეკონომიკა  აბსოლუტურად  მოუმზადებელია  ომისთვის,  არც  ფული  აქვთ  ომის  საწარმოებლად,  არც  პუტინისა  და  მისი  ოლიგარქების  “ბედნიერ  მომავალს”  შეეწირება  ვინმე  ასე  უბრალოდ  და  აუცილებლობის  გარეშე.

3. რუსეთის  საფონდო  ბირჟებზე  პანიკაა  და  აქციების  გაუფასურება,  რაც  გამოიწვია  ცნობამ  უკრაინიდან  რუსეთის  საელჩოს  ევაკუაციის  შესახებ.  ადვილიწარმოსადგენია  რა  მოხდება  ფართომასშტაბიანი  ომის  შემთხვევაში- ეკონომიკის კოლაფსი  და  ჩამოშლა,  ხალხის  გამოსვლა  ხელისუფლების  წინააღმდეგ. 

4. ამ  ეტაპზე ომის  წინააღმდეგია  უკვე  ჩინეთიც.  მიუხედავად  იმისა,  რომ  ჩინეთი  აქეზებს  რუსეთს  დასავლეთის  წინააღმდეგ,  ამ  ეტაპზე მისთვის  უკრაინაში  ომის  დაწყება  ნიშნავს  პეკინის  ოლიმპიადის (4-20  თებერვალი) ჩავარდნას  და  გაუფასურებას,  რასაც  რუსებს  არ  აპატიებენ.  პეკინმა  დაინახა  რა  რუსეთის  დასუსტება,  ის  ჯერ  ყაზახეთიდან  და  დიდი  ალბათობით  ცენტრალური  აზიიდან  გამოაძევა,  ამასთან  არ  მალავს,  რომ  თვალი  უჭირავს  ციმბირზე  და  შორეულ  აღმოსავლეთზე.   მას  რუსეთში  არენდით  აქვს  აღებული  ალიასკის ხელა  ტერიტორია,  რომელშიც  შეჩერებულია  რუსეთის  კონსტიტუცია  და  კანონები.  ამ  ტერიტორიაზე  გადის  ორივე  სარკინიგზო  მაგისტრალი,  რითაც  რუსებს  ჯარი  და  საომარი  ტექნიკა  გადაჰყავთ  და  ცხადია,  ყველაფერს  ჩინელებს  უთანხმებენ.  მოხდა  უარესიც-  ჩინეთმა  მოითხოვა  ამ  ტერიტორიის  დემილიტარიზაცია  და  რუსეთი  იძულებული  გახდა  აქედან  და  შორეული  აღმოსავლეთიდან  ძირითადი სამხედრო  ნაწილები  და  ტექნიკა  გამოეყვანა(ამას  ნიღბავენ  იმით,  რომ  უკრაინაში  სურთ  მათი  გამოყენება.  არც  იმას  გამოვრიცხავ,  რომ  მთელი  ხმაური  უკრაინის  გარშემო  ამიტომაცაა  ატეხილი,  რომ  ეს  სამარცხვინო  ფაქტი  დამალონ).

 5.  აშშ-ნატო  -ევროკავშირის  ერთსულოვნება უკრაინასთან  მიმართებაში   და  მოსალოდნელი დამანგრეველი  სანქციები რუსეთისთვის  ძლიერი  შემაკავებელია,  რადგან  ქვეყანას  დაშლამდე  მიიყვანს. ლოიალურმა გერმანიის  მთავრობამაც  კი  შეაჩერა  გაზსადენ ჩრდილოეთის  ნაკადი-2-ის  სერტიფიცირება.  45 მილიონიან უკრაინას  მთელი  მსოფლიო  უჭერს  მხარს  და  არა  მარტო  მორალურად –  რუსები  აქ  წლობით  ჩაეფლობიან  და  საწადელს  მაინც  ვერ  მიაღწევენ,  ამასთან  უკრაინასაც  აქვს  იარაღი,  რომლითაც  მოსკოვის  დაბომბვა  შეუძლია,  რაც  პანიკას  გამოიწვევს  რუსეთში.  მაშ  რა  შეიძლება  იყოს?  მოსალოდნელია  რუსეთ-ბელორუსის  ერთ  სახელმწიფოდ  გაერთიანება (ეგეც  თქვენი  მაგარი  ლუკაშენკო!),  დონეცკი-ლუგანსკის  დამოუკიდებლობის  აღიარება  მარტო  რუსეთის  მიერ,  პროვოკაციები  და  მცირე  შეტაკებები  საზღვარზე,  ჰა-ჰა მარიუპოლისკენ  გაჭრის  მცდელობა.  ომში  მთავარია  მოულოდნელობის  ეფექტი.  როცა  ქვეყანა  ერთი  წელია  იძახის  ასე  ვიზამ,  ისე  ვიზამო,  მისი  ნაკლებად  სჯერათ.  ანუ,  როგორც  ქუხს,  ისე  არ წვიმს!  საქართველო  სერიოზულ  ამოსუნთქვას  მიიღებს,  რაც  უნდა  გამოვიყენოთ  რეფორმებისთვის  და  შიდა  განვითარებისთვის,  დამოუკიდებელი  სასამართლოს  შექმნისათვის, დასავლეთთან  კიდევ  უფრო  დაახლოებისთვის.  გამიხარდა,  რომ  ალიევი  ჩავიდა  უკრაინაში  და  მხარდაჭერა  გამოუცხადა,  ხელშეკრულებებიც  გააფორმეს.  ჩვენგანაც  უნდა  ჩავიდეს  პრემიერი  ან  პრეზიდენტი  და  მორალური  მხარდაჭერა გამოუცხადოს.  რუსეთის  დროებითი”დიდების” პერიოდის  დასასრული  დაიწყო.   ყველა  ავტორიტარულ  და  ხალხში  არაპოპულარულ  ხელისუფლებას  საკუთარ  თავში  გააჩნია  თვით ნგრევის იმპულსი.  ამიტომ  დაველოდოთ  მოვლენების  განვითარებას… უკრაინის  საქმე  სამართლიანია  და  გამარჯვებაც  მათ  დარჩებათ  საბოლოოდ,  ვუსურვოთ  მათ  გამძლეობა!”- აცხადებს ვაჟა შუბითიძე