უკრაინა: სამხედრო ანალიზი

20 ივნისის შეჯამება უკრაინაში:

  • ქალაქ დონეცკზე საარტილერიო იერიშები გრძელდება. მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქის შემოგარენშიც, სადაც სამხრეთ-დასავლეთით მარიინკა მდებარეობს, ჩრდილო-დასავლეთით კი ავდიივკა. უკრაინელები პრაქტიკულად უწყვეტი საარტილერიო ცეცხლით ბომბავენ რუსულ სამხედრო-საცეცხლე პოზიციებს, რაც ამ უკანასკნელებს დასავლეთისაკენ გადაადგილებას, ავდიივკა-მარიინკას მიმართულებით წინსვლასა და იარაღითა და საკვებით მომარაგებაში ხელს უშლის. როგორც ჩანს უკრაინელები ზედმიწევნით ზუსტად, დრონების გამოყენებით ირჩევენ სამიზნეებს და შემდგომ ხდება საარტილერიო იერიში დაწყება.

ამასთან, თავად რუსული არტილერია, რომელიც მაღალი სიზუსტით არ გამოირჩევა, უკრაინული პოზიციების ნაცვლად ხანდახან თვის სამხედროებსაც კი ბომბავს ხოლმე ფრონტის ხაზთან საკმაოდ ახლოს. ზოგადად, დონეცკის მომიჯნავედ ფრონტის ხაზი მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიცვალა – მარიინკას გარკვეული ნაწილი უკრაინელებმა დაიბრუნეს, რომელზე კონტროლიც 2014 წლიდან დაკარგული ჰქონდათ.

  • სამხედრო სამიზნედ იქცა ლუგანსკის რაიონში ორი სხვადასხვა წერტილი, სადაც რუსები დიდი რაოდენობით ტყვია-წამალს ინახავდნენ. უკრაინელები სარაკეტო დარტყმებს ზედმიწევნით ზუსტად, საკმაოდ ორგანიზებულად და აუჩქარებლად იყენებენ.
  • რუსებმა რამდენჯერმე დაბომბეს ოდესა, ოდესის სანაპირო ზოლი და მიკოლაივის რაიონში ზღვისპირა ტერიტორიები. ზარალზე საუბარი არ ყოფილა. ზოგადად უკრაინულ დანაკარგებზე საუბარი ჭირს. რამდენიმე დღის წინ არესტოვიჩმა 10 ათასი სამხედრო დაასახელა, მაგრამ ომის პირობებში, როდესაც საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს, ზუსტ ციფრზე საუბარი ძალიან რთული იქნება. სამაგიეროდ, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის საკითხია შედარებით ნათელი – მათი რაოდენობა 50 ათასამდეა.
  • მძიმე ბრძოლა გრძელდება ბოჰოროდიჩნესთნ, იზიუმი-სლავიანსკის გზიდან 5 კილომეტრში, მდინარე სივერსკი დონეცთან, სვიატოჰირსკის მოპირდაპირედ. რუსებმა ქალაქის ნახევარი დაიკავეს. რუსებმა არამხოლოდ ხიდის დაკავება შეძლეს მდინარის გადმოღმა, არამედ ჩრდილოეთიდან – იზიუმიდან – წამოსული ნაწილებიც შევიდნენ ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილში. ეს უკვე მეორე შეტევაა უშალოდ ქალაზე. პირველად რამდენიმე დღის წინ სცადეს ბოჰოროდიჩნეს აღება, თუმცა მაშინ უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ რუსებმა უკან დაიხიეს. ახლაც ბრძოლა ქალაქის მიმართულებით ინტენსიურად გრძელდება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქალაქიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 5 კილომეტრში იზიუმი-სლავიანსკის მაგისტრალი მდებარეობს და იქ გასვლის შემთხვევაში უკრაინული ნაწილები დოლინასთან – რომელიც იზიუმიდან დაძრულ რუსულ ნაწილებს აკავებს – ალყის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.
  • შავ ზღვაში უკრაინელებმა ის გაზსაძიებო სადგური “პეტრო ჰოდოვანეცი” დაბომბეს, რომელიც რუსებს 2014 წლიდან ანექსირებული ჰქონდათ. ყირიმის რუსული ადმინისტრაცია შფოთავს, რადგან ეს მისი ადმინისტრაციის ნაწილად იყო მოაზრებული მათსავე მიერ. თუმცა ყველაზე შემაშფოთებელი მათთვის არა თავად ფაქტი, არამედ ის იარაღია, რითაც მათი განადგურება მოხდა. რუსები ჰარპუნებზე საუბრობენ. ეს კი მათი საზღვაო დომინაციის დასასრულის შუა წერტილია.
  • ბრძოლა სევეროდონეცკისათვის გრძელდება. დღეს რუსებმა ქალაქის მომიჯნავედ დასახლება მეტოლკინეს სრულად დაკავება შეძლეს და სამხრეთით, ლისნა დაჩასაკენ სცადეს გაწევა, რომელიც სევეროდონეცკს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ემიჯნება. თუმცა რუსების შემტევი ნაწილების ავანგარდი სრულად განადგურდა და უკან დახევა მეტოლკინესაკენ მოუწიათ, რის შედეგად ბრძოლა კვლავ მეტოლკინეს მისადგომებთან გაგრძელდა. – წერს მიმომხილველი, გიორგი კობერიძე.