შეჯამება, რა ხდება უკრაინაში?!

მიმომხილველმა – გიორგი კობერიძემ, რომელიც ყოველდღიურად გვთავაზობს სტატიებს უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 24 მაისის ცნობები გაავრცელა.

  • დონეცკის რაიონის ქალაქი ლიმანისათვისათვის სამკვირიანი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. რუსებმა ჩრდილოეთიდან ქალაქის სიღრმეში შეღწევა მოახერხეს, თუმცა ქალაქის დიდ ნაწილს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ, ისევე როგორც არსებულ ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალს. სავარაუდოა, რომ ლიმანის დარჩენილი ნაწილის დაცვა კვლავ აქტიურად გაგრძელდება, მაგრამ თუკი სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა უკრაინელები ორგანიზებულად დაიხევენ უკან სლავიანსკის მიმართულებით და მდინარე სივერსკი დონეცზე გამაგრდებიან. რუსებისათვის ლიმანი არამხოლოდ სლავიანკისაკენ შეტევის პლაცდარმია, არამედ სატრანსპორტო კვანძიც. ამჯერად რუსები უკრაინელთა კონტროლირებად ქალაქს ინტენსიურად ბომბავენ საარტილერიო დანადგარებით.
  • სიტუაცია კრიტიკულია დონეცკი-ლუგანსკის რაიონების გასწვრივ. პოპასნაიადან წამოსული რუსული დაჯგუფება ჩრდილოეთისაკენ შეტევას აქტიურად განაგრძობს. მათი მიზანი ქალაქ სივერსკამდე მიღწევა და ლუგანსკის რაიონში დარჩენილი უკრაინული ნაწილების ალყაში მოქცევაა. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ამ მიმართულებით არც დიდია ტყიანი მასივი, არც მასშტაბური ურბანული დასახლებები არ გვხვდება და წყალუხვი მდინარეებიც არაა. რა თქმა უნდა ალყის შექმნა ერთია და მისი შენარჩუნება მეორე, მაგრამ უკრაინელებისათვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ რუსებმა ლუგანსკში მყოფ გარნიზონს საფრთხე არ შეუქმნას.
  • ლუგანსკის რაიონის ქალაქ სევეროდონეცკში რუსები ძალიან დიდი ძალებით ცდილობენ ქალაქის შტურმს. პრაქტიკულად უკრაინაში მყოფი აქტიური რუსული ნაწილების 40% სწორედ ამ ქალაქისა და მისი შემოგარენის აღებაზეა გადართული. რუსების გარდა ბრძოლაში მონაწილეობენ დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტებიც. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ახლა რუსული შეტევის ყველაზე აქტიური ფაზაა.
  • მოსახლეობის ევაკუაციის ახალი ეტაპი დაიწყო ლისიჩანსკიდანაც. სევეროდონეცკის დაცემის შემთხვევაში შემდეგი სამიზნე სავარაუდოდ სწორედ ლისიჩანსკი იქნება. ქალაქში ომამდე 100 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამ ეტაპზე ქალაქში საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ საევაკუაციო გზები ინტენსიურად იბომბება რუსული არტილერიის მიერ.
  • უკრაინელებმა რუსული შეტევის მოსაგერიებლად დონბასში აქტიურად დაიწყეს Switchblade თვითმკვლელი დრონების გამოყენება. სავარაუდოა, რომ ამ პერიოდში უკრაინელები აღნიშნულ დრონებს ითვისებდნენ და უფრთხილდებოდნენ ყველაზე კრიტიკული მომენტებისათვის და რადგან ახლა სწორედ ეს ვითარებაა აღმოსავლეთის ფრონტზე მათი გამოყენებაც ინტენსიურად დაიწყო. თუკი Switchblade-ბმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა საბრძოლო ოპერაციების წარმოებაში მის ახალ რაოდენობას (ისევე როგორც ე.წ. “ფენიქსის მოჩვენებას”) აუცილებლად ვიხილავთ უკრაინელთა ხელში.
  • უკრაინელებმა გააძლიერეს ხერსონის რაიონში ბაზირებული რუსული სამხედრო ძალის წინააღმდეგ საარტილერიო იერიში. ბოლო დღეებია ამ მიმართულებით რუსები დამატებით ძალებს უყრიან თავს. მათ უკრაინელები პრევენციულ დარტყმას აყენებენ და ნებისმიერ პოტენციურ შეტევას უკრაინელთა პოზიციების მიმართულებით ჩანასახშივე ბლოკავენ. ამჯერადაც რუსების დანაკარგები ჯავშანტექნიკაში საკმაოდ დიდია.
  • რუსული 58-ე არმია, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ უმთავრეს ძალად მონაწილეობდა – დიდწილად განადგურებულია.
  • დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტები აცხადებენ, რომ მათ სამხედრო ნაწილებში ცოცხალი ძალის დეფიციტია. უკრაინელებმა მათი შემადგენლობის დიდი ნაწილი მარიუპოლში, მარიინკაში, ავდიივკასა და ახლა უკვე სევეროდონეცკში თითქმის სრულად სრულად გაანადგურეს. რაც მთავარია რუსები ფიქრობენ, რომ სეპარატისტები საბრძოლო მოქმედებებში მალე დაიღუპებიან, რის გამოც მათთვის საჭმელს არ იმეტებენ და საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზზე მშივრებს უშვებენ.
  • აღმოსავლეთის ფრონტზე რუსებს თანამედროვე ტანკების დეფიციტი შეექმნათ. მათ მოძველებული და დაკონსერვებული T62 ტიპის ტანკებს მოუყარეს თავი და ინტენსიურად შეჰყავთ დონბასში.
  • დღეს მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაცია მიმდინარეობდა ხარკივის რაიონში, რუსეთის საზღვართან. რუსებმა საზღვარზე მყოფი დასახლება ტერნოვას აღება კიდევ ერთხელ სცადეს და ამჯერადაც წარუმატებლად. მას შემდეგ რაც უკრაინელებმა მისი გათავისუფლება ათი დღის წინ შეძლეს კარგად გამაგრდნენ და რუსულ ნაწილებს ხელახალი წინსვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. თუმცა დღეს უკრაინელებმა არათუ მოიგერიეს რუსების შეტევა არამედ მნიშვნელოვანი რაოდენობით ნაალაფარი ტექნიკაც იგდეს ხელთ.
  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით დასავლეთიდან იარაღის დიდი დახმარება შემოდის და რუსებს მალე სიურპრიზი ელოდებათ. თუმცა უკრაინელთა დამოკიდებულება გერმანიის მიმართ კვლავ კრიტიკულია, რომლის ხელისუფლებასაც შიდა პოლიტიკური კრიზისიც უმწიფდება – ქრისტიან-დემოკრატები კანცლერს ორმაგ თამაშსა და იარაღის მიწოდების შეფერხებაში ადანაშაულებენ.

დღეის მდგომარეობით უკრაინისათვის იარაღის ყველაზე აქტიური მიმწოდებელი დიდი ბრიტანეთი, აშშ, პოლონეთი, ნიდერლანდები, კანადა და ბალტიისპირა სამი სახელმწიფოა.