წულუკიანი იან კელის ლანძღავს

საქართველოს კულტურის მინისტრი – თეა წულუკიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩ – იან კელის ლანძღავს.

“ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ „უყვარს“ იან კელის ჩვენი ქვეყანა.

პოლიტიკური ოპოზიციის მიერ მართულ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე, ბატონ იან კელის განუცხადებია, თეა წულუკიანის მხრიდან, ცრუ ბრალდებაა, თითქოსდა მე საქართველო არ მიყვარსო.

სასიამოვნოდ ხვდება გულს ამგვარი თავის მართლება. მინდა, მჯეროდეს კიდეც, რომ მას უყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.

როგორც ბატონი იან კელი ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოში მისი ელჩობისას, ჩვენ მართლაც გვქონდა მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა, ამ ურთიერთობას ვერც მეგობრულს დავარქმევ და ვერც სასიამოვნოს. ეს გახლდათ აზრთა გარკვეული მიმოცვლა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის გარშემო, იმხანად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩემი ხელმძღვანელობით რომ ატარებდა.

პირველად სწორედ იმჟამინდელი ურთიერთობისას გამიჩნდა აზრი, რომ ბატონ იან კელის არაფერი ეცხო იმ ამერიკელებისა, საქართველოს დიდი და გულმხურვალე გულშემატკივრები რომ იყვნენ და დღესაც არიან. ქვეყნის გულშემატკივარი რომ იყო, მისი ხალხის ტკივილის გაგება უნდა გსურდეს და ამისთვის, ოდნავი სიყვარული მაინცაა საჭირო. საქართველოში მოვლენილი ეს აწ უკვე ყოფილი დიპლომატი კი ყოველთვის და განუხრელად უჭერდა მხარს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ქმედებანი ხალხის ნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ბატონი იან კელი ღიად ემხრობოდა და დღესაც მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას (2003-2012 წწ.), მოსამართლეს გენერალური პროკურორის დანამატად მიიჩნევდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, ასეულობით არასრულწლოვან ბავშვს, მათ შორის გოგონებს, მრავალი წლით უშვებდნენ ციხეში, ატერორებდნენ ბიზნესს და, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ქმნიდნენ აღმშენებლობის „ფეიკს“, საკუთარ თავზე ირგებდნენ კონსტიტუციას და ამკვიდრებდნენ ე.წ. „კეთილი ბიძიების“ ინსტიტუტს.