ხუხაშვილი: ღარიბაშვილის განცხადება მავნებლურია

ექსპერტმა და პოლიტოლოგმა – გია ხუხაშვილმა, საკუთარი ფეისბუკ გვერდის საშუალებით განცხადება გაავრცელა.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიამიტი არ არის და ესმის, რომ ნატოში ჩვენი გაწევრიანება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ჩვენ გადავწყვეტთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას.

ამით მან პრაქტიკული პოლიტიკის თემა ჩვეული “სიბრძნით”, კვერცხის სასარგებლოდ გადაწყვიტა ქათამთან მიმართებაში.

მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას ამ თემაზე:

ჩვენ არ გვინდა და არც შეგვიძლია ქვეყნის მთლიანობის პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტა. ე.ი. მშვიდობიანი რეინტეგრაცია არის ერთადერთი გზა.

ეს გზა გულისხმობს იმას, რომ აფხაზებს და ოსებს თვითონ უნდა გაუჩნდეთ ჩვენი ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრების სურვილი.

როგორც ინდივიდი, ასევე საზოგადოება მიისწრაფის იქით, სადაც არის დაცული, აქვს მეტი კეთილდღეობა და თავისუფლება.

ჩვენ რომ უფრო მომხიბვლელი გავხდეთ, ვიდრე რუსეთი, სწორედ ეს სამი ფასეულობა უნდა შევიძინოთ, რაც შესაძლებელია მხოლოდ ევრო და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მეშვეობით.

მანამდე კი, როგორც პირველი კეთილი ნების ნაბიჯი ნდობის გასაჩენად, შესაძლოა მივცეთ შესაბამისი თავდაუსხმელობის გარანტიები და ამის საფუძველზე ვიზრუნოთ ინტეგრაციული პროექტების განვითარებაზე.

დასკვნა – ღარიბაშვილის განცხადება არის მავნებლური და მხოლოდ რუსეთისთვის მაამებლური. – წერს ხუხაშვილი.