ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და საქართველო მზად უნდა იყოს

უკრაინაში მიმდინარე ომი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ რუსეთის რეალური სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე სუსტი და უფრო კორუმპირებულია, ვიდრე მსოფლიოს აქამდე ჰქონდდა წარმოდგეგნილი. ამას “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს.

მას მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, რის შემდეგად “საბოლოო დეკოლონიზაცია დაჩქარდება”. გენერალი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს და საქართველო ამ შესაძლო სცენარისთვის მზად უნდა იყოს. ბენ ჰოჯესს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

“მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ივლისი იქნება კრიტიკული თვე, როდესაც საბოლოოდ საგრძნობი გახდება იმ მხარდაჭერის სრული წონა და ეფექტი, რომელსაც ამერიკა უკრაინას საარტილერიო და სარაკეტო სისტემების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებით უწევს. ამას დაემატება ისიც, რომ რუსული ძალები დაიღალნენ და ადამიანური ძალის დეფიციტს განიცდიან. ვფიქრობ, იქნება დინების ცვლილება ადგილზე – ეს არ იქნება უზარმაზარი, მაგრამ იქნება შესამჩნევი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, დასავლეთი უკრაინელებს მივაწვდით ყველაფერს, რასაც დავპირდით, გვექნება შანსი, რომ უკრაინამ რუსული ძალები 23 თებერვლის ხაზზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნოს.