Amnesty International და Human Rights Watch საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ “საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარებაზე, აყენებს მას სიკვდილის, მუდმივი ინვალიდობისა ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე”.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ ჰქონია რეაგირება ორგანიზაციების შეშფოთებაზე, რაც 2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილშია გამოთქმული.
“მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შეიძლება წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას უტოლდებოდეს და მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს”, – ამბობს დენის კრივოშეევი, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილე.