“ტობავარჩხილის ტბა”

“ტობავარჩხილის ტბა” სამეგრელოს ბუნების ულამაზეს წალკოტში მდებარეობს. ეს ეკანასკნელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ეკუთვნის. ჩვენი სტატიის გიდი და მიწიერი სამოთხის გზამკვლევი სამოქალაქო აქტივისტი და ადგილობრივი სამთო გიდი ლევან გობეჩიაა, რომელიც ვრცლად მოგვიყვება ტობავარჩხილის ტბის ადგილმდებარეობაზე, მის უნიკალურობაზე და მოგვაწვდის ყველა იმ საჭირო ინფორმაციას რაც მომავალი ვიზიტორების ახალი თავგადასავლებისთვის იქნება საჭირო.

“ტობავარჩხილი” იგივე “ვერცხლის ტბა” სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ადგილმდებარეობა ეგრისის ქედის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთაა, რომლის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 3226 მეტრია. სწორედ ამ ქედის ძირში, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს ეს უნიკალური სანახაობა. ტბის ზედაპირის ფართობი 4 ჰექტარია. მაქსიმალური სიღრმე კი 35 მეტრი. ტბა თოვლის ნადნობი, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. ტბის წყალი მტკნარია, შესაბამისად თევზები არ ბინადრობენ.

ტბიდან გადმოედინება ულამაზესი ჩანჩქერი რომელიც დაახლოებით 60-80მ-ია. აქვე სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც შემდეგ მდინარე ენგურს უერთდება და შავ ზღვაში ჩაედინება. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს “მაგანას” და “ჯალარას” ხეობა, რომელსაც ერთი ქედი ყოფს. გადაღმა და გადმოღმა კი, ჩანჩქერები ქმნიან ე.წ კასკადებს, რომელიც ზღაპრული და ულამაზესი სანახაობაა. ოდითგანვე ტობავარჩხილს და მის გარშემო ტერიტორიას აქტიურად იყენებენ ადგილობრივი მწყემსები და მონადირეები.

არც თუ ისე დიდიხანია, რაც ტობავარჩხილის ეს ულამაზესი სანახაობა ტურისტულ სანახაობად იქცა. პირველი დიდი ექსპედიცია 2005 წელს ჩატარდა. 2006 წლიდან კი ტურისტულ ზონად იქცა და ვიზიტორების დიდი ნაკადი წამოვიდა. მათ შორის იყვნენ ებრაელები, ყოფილი პოსტ საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე გერმანელები და ჰოლანდიელები.

სეზონი 15 ივნისიდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. სხვა დროს ამ მისტიური სამყაროს მონახულება, მისი რელიეფური და კლიმატური პირობების გამო შესაძლებელი არ არის. რადგან ტერიტორია ალპინისტურ ზონაში გადადის, რაც დამატებით ხიბლს და მისტიურობას სძენს. სწორედ ამიტომ 3 თვიანი სეზონის გარდა სხვა პერიოდში იქ ასვლა ფიზიკურად შეუძლებელი და სარისკოა.

სტუმარს ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელად და მანამდე მის გარშემო ტერიტორიების დასათვალიერებლად 3 ღამე და 4 დღე სჭირდება, როგორც სამანქანო ასევე საფეხმავლო გზებით. მეოთხე დღეს შესაძლებელია საწყის ლოკაციაზე დაბრუნება. 4 დღის მანძილზე ტურისტს არაერთი ხეობის მონახულება უწევს, გზად კი რამდენიმე ტბა და ჩანჩქერი ხვდება. ტურში, ასევე შესაძლებელია მწყემსების ქოხებში სტუმრობა და ულამაზეს ტერიტორიებზე კარვების განთავსება.