ანალიზი: რა ხდება უკრაინაში?!

4 თებერვლის შეჯამება უკრაინაში:

  • როგორც მოსალოდნელი იყო ლუგანსკის რაიონში, კრემინასა და მის გასწვრივ, რამდენიმე ლოკალური მიმართულებიდან აქტიური შეტევა წამოიწყეს რუსულმა სამხედრო ძალებმა. მასირებული იერიშის ფონზე რუსებმა კრემინას მისადგომებიდან რამდენიმე ასეული მეტრით უკან დაახევინეს უკრაინელებს. ბრძოლა კვლავ ტყის ნაპირზე მიმდინარეობს, მაგრამ დაწოლა ძალიან მძლავრია. რუსები დიდი ხნის განმავლობაში დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკასა და ცოცხალ ძალას უყრიდნენ თავს ამ მიმართულებაზე და შეტევისათვის მოსამზადებელი პოზიციური ბრძოლაც რამდენიმე დღეა გრძელდებოდა, მაგრამ რთული სათქმელია რა იქნება უკრაინელთ ოპერაციული გეგმა ამ მიმართულებით. უკრაინელები ძალიან უკან ვერ დაიხევენ, რადგან მათ დასავლეთით ლიმანის მომიჯნავე ტერიტორიაა. მეორეს მხრივ, რუსები ცოცხალი ძალის უპირატესობას ამ მიმართულებაზე მაქსიმალურად იყენებენ. ახლა უკრაინელებს ბევრი არჩევანი არ აქვთ – რაც შეიძლება კრემინას სიახლოვეს უნდა მოხდებს რუსული იერიშის შეჩერება ან დაყოვნება.
  • დონეცკის რაიონში, ვუჰლედარში უკრაინელთა დამატებითი დანაყოფები შევიდნენ. ქალაქის დაცვა მაღალპრიორიტეტულია, თუმცა არის კონტრშეტევის შანსიც. ამის თქმის საფუძველი არამხოლოდ მძიმე ტექნიკის შეყვანა, არამედ მსუბუქად შეიარაღებული, სწრაფად მოქმედი ძალების გადასროლაცაა. ვუჰლედარის დაცვის პრიორიტეტულობა ბახმუტის პრიორიტეტულობაზე მაღალია, რადგან ახალი თავდაცვის ზღუდის მოწყობა ვულჰედარის ჩრდილოეთ რთული იქნება, ხოლო რუსების მიერ დაკავებული რკინიგზა და მისი ვოლნოვახაზე გამავალი არტერია ბევრად უსაფრთხოდ აღმოჩნდება მათ ხელში. ამასთან, ვულჰედარის უკან მარიინკასაკენ მიმავალი გზაც მდებარეობს. ეს კი ამ ქალაქის მდგომარეობასაც გაართულებს.
  • ბრძოლა ბახმუტისათვის კვლავ ინტენსიურად გრძელდება. ფრონტის ხაზზე დიდი ცვლილებები არ არის, მაგრამ აშკარად შეინიშნება, რომ უკრაინელები მთავარი მომარაგების არტერიების შენარჩუნებაზე არიან ფოკუსირებულები. თავად ქალაქში მოწინააღმდეგე შესვლას მხოლოდ პერიფერიებში, ისიც ძირითადად აღმოსავლეთიდან ახდენს. მიუხედავად ამისა, ქალაქის დასახლებული რაიონიდან არცერთი არაა რუსეთის კონტროლქვეშ. ძირითადი საბრძოლო მოქმედება ღვინის ქარხნის ტერიტორიის სიახლოვეს მიმდინარეობს.
  • წუხელ უკრაინელებმა რუსეთი, ბელგოროდის რაიონი დაბომბეს. სამიზნე სამხედრო ობიექტი, საწყობი და ნავთობბაზა იყო.
  • ზაპორიჟიას რაიონში ტყვეების გაცვლა შედგა. უკრაინელებმა 116 ტყვის გამოხსნა შეძლეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს მიმომხილველი – გიორგი კობერიძე.