გამოყოფილი 18 მილიონი რომელიც არ იციან სად დახარჯონ

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟის პროგრამის დაფინანსების მიზნით, ჯამში 35 901 300 ლარია გამოყოფილი.

გიორგი კირთაძე: 18 მლნ ლარია ბათუმის ბიუჯეტში ამ მიმართულებით [ავარიული სახლების დემონტაჟი, რეაბილიტაცია, მშენებლობა, გამაგრება] გამოყოფილი, თუმცა არსად წერია, რისთვის უნდა დაიხარჯოს, რომელი სახლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, სად უნდა აშენდეს, რა პირობებით და ა. შ. ანუ თანხა გამოყოფილია აქვთ, ოღონდ დახარჯვასაც კი ვერ ახერხებენ.

კონკრეტულად ავარიული სახლების დემონტაჟის, მშენებლობის, გამაგრება-რეაბილიტაციისთვის 18 მლნ ლარია გათვალისწინებული. პროგრამული ბიუჯეტის დანართში კი არ არის მითითებული ინდიკატორები, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებდა გაერკვია, რამდენ და რომელ სახლს მოიცავს ქვეპროგრამა, რამდენი ადამიანის პრობლემა გადაიჭრება, რამდენი დაიხარჯება ერთი შენობის დემონტაჟის, მშენებლობის ან გამაგრება – რეაბილიტაციისთვის, როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება სამუშაოები.