“დედობა მარათონი არ არის” – ანი ლორია

26წლის ბლოგერი ანი ლორია დაახლოებით ხუთი წელია, რაც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისი ბლოგის საინტერესო კონტენტიდან და სასარგებლო პრაქტიკული ინფორმაციიდან გამომდინარე, ვეცადეთ მცირე ნაწილი თქვენთვისაც გაგვეზიარებინა:

ანი, გამარჯობა. მოგვიყევით თქვენს შესახებ…

გამარჯობა. 2017 წელს დავტოვე ქვეყანა და გადმოვედი საცხოვრებლად აშშ-ში. საქართველოში ვისწავლე ფსიქოლოგია. აქ გადმოსვლის შემდეგ შევიცვალე პროფილი და სამედიცინოს კუთხით გავაგრძელე სწავლა, თუმცა ფსიქოლოგია და კერძოდ ბავშვთა ფსიქოლოგია არის სფერო , რომელშიც დღემდე ვვითარდები. ვეცნობი უახლეს კვლევებს და ლიტერატურას მიღებულ ცოდნას კი ვიყენებ ჩემს შვილებთან ურთიერთობისას.

რა იყო ბლოგის შექმნის იდეა?

ბლოგი 2021 წელის ივნისში შევქმენი. მიზეზი, ჩემი შვილის – ნიკოლის აქტივობების მიმართ უზომოდ დიდი ინტერესი გახდა, რომელსაც სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ვაქვეყნებდი. ვიღებდი შეტყობინებებს რომ ნიკოლი განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვია. ამ დროს სულაც არა, ნიკოლი ისეთივე ბავშვია როგორც ყველა, მხოლოდ მისი ასაკის შესაბამისად განვითარების სხვადასხვა ასპექტის ხელშეწყობით. ამგვარმა უკუკავშირმა გადამაწყვეტინა, რომ ღირდა უფრო თვალსაჩინო და ინფორმატიული გამეხადა, თუ რა იდგა აქტივობების უკან: ჩვენი ყოველდღიურობა, აღზრდის სტილი და ადრეული განვითარების მნიშვნელობა.

რა არის ბლოგის მიზანი?

ბლოგის ძირითადი მიზანი ადრეული განვითარების ხელშეწყობაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ჯანსაღი, ემპათიასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის – პოზიტიური აღზრდა.

რა მნიშვნელობის მატარებელია, ბავშვის ადრეულ ასაკში, განვითარების პროცესი?

ადრეულ ასაკში ყველაზე სწრაფად ტვინი იზრდება. 5 წლის ბავშვის ტვინი ზომაში მოზრდილი ადამიანის ტვინის 90%-ს აღწევს. სტრუქტურულად ჩამოყალიბებისთვის კი სამ წლამდე ასაკი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ასაკში ტვინი 2.5-ჯერ უფრო აქტიური და მოქნილია ახალი ინფორმაციის მისაღებად. სამი წლის შემდეგ აქტიურობა მკვეთრად მცირდება, რაც ასათვისებლად ბევრად მეტ დროსა და რესურს მოითხოვს.

ბავშვის განვითარება კომპლექსური პროცესია და არ მოიცავს ერთ კონკრეტულ სფეროს. ჯაჭვის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია მისი სიმყარისთვის, ამიტომ აქტივობებსა და კონკრეტულ მატერიალზე საუბრის პარალელურად, ყოველთვის ვცდილობ ემოციურ სფეროს დავუთმო სათანადო ყურადღება. აქტივობები პირველ რიგში ბავშვებთან კომუნიკაციის და ურთიერთობის გზაა. მხოლოდ ამის შემდეგ რომელიმე კონკრეტული უნარის განვითარებაა.

რას ნიშნავს პოზიტიურად აღზრდის მეთოდი?

ჩვენ გავიზარდეთ საზოგადაოებაში, სადაც ბავშვის არასასურველი ქცევა სიჯიუტედ, მანიპულაციად და უფრო მეტიც მშობლის სირცხვილად აღიქმებოდა. აღზრდის სტილიც შესაბამისად იყო მომართული – საბრძოლველად ” ახლა თუ ამას მიბედავს, მერე რაღას იზამს”

პოზიტიური აღზრდა არასასურველი ქცევის მიღმა ხედავს რეალურ მიზეზებს, რომლებიც ბავშვის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებში იმალება. ეწინააღმდეგება ფიზიკურ დასჯას ან შერცხვენას. “ბავშვი იქცევა ცუდად, როცა ის თავს ცუდად გრძნობს” შესაბამისად მშობელი არის მისი მხარდამჭერის და გზამკვლევის როლში, რაც აყალიბებს თანასწორ და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. ეს ამარტივებს და შესაძლებელს ხდის შვილებთან კავშირის დამყარებას.

რა სირთულეებისთვის უნდა ვიყოთ მზად?

ბავშვებს არ შესწევთ ემოციებთან გამკლავების უნარი. ტირიან ხელ-ფეხის ქნევით, რადგან არ იციან სხვაგვარად, როგორ გამოხატონ ბრაზი ან იმედგაცრუება. ამის პარალელურად ისინი არიან ყველაზე კეთილშობილი არსებები და ჩვენ წინააღმდეგ ან ჩვენს გასაბრაზებლად არასდროს მოქმედებენ. “მე მესმის შენი!” ემპათია და მხარდაჭერა თითქმის ყოველთვის არის გამოსავალი.

რას ეტყოდით მშობლებს, რომლებიც, ახლა ამ პერიოდს გადიან თავის პატარებთანერთად?

ვუსურვებდი მეტად ენდონ საკუთარ დედობრივ ინსტიქტებს და დაიცვან პირადი საზღვრები. დედობა მართონი არ არის. ყველა პატარა თავისი ინდივიდუალური ნიშან-თვისებებით უნიკალურია. გიყვარდეთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან დღეს.