NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსში რუსეთის ძალების უკრაინის საზღვრებიდან გასვლას ვერ ხედავენ და პირიქით, რუსეთს ამ მიმართულებით დამატებით სამხედროები გადმოჰყავს.
“რუსეთის ძალების არანაირი გასვლა არ გვინახავს. და რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური მცდელობის მესიჯებთან. რასაც ვხედავთ არის, რომ მათ გაზარდეს სამხედროების რიცხვი და მეტი ჯარისკაცი გზაშია. ჯერჯერობით, დეესკალაცია არაა”, – ამბობს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგის თქმით, ტანკების გადაადგილების ჩვენება არაა ჯარების გასვლის დამადასტურებელი საბუთი.
“თუ ისინი მართლა დაიწყებენ ჯარების გაყვანას, ეს ისაა, რასაც მივესალმებით. მათ ძალები მუდამ გადაჰყავდათ წინ და უკან, მხოლოდ ძალების, ტანკების გადაადგილების დანახვა არ ადასტურებს [ჯარების] რეალურ გაყვანას”, – აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
გუშინ, 15 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო წვრთნების დასრულებასთან მიახლოების პარალელურად რუსეთის სამხედრო ნაწილები მუდმივ დისლოკაციებზე დასაბრუნებლად ემზადებიან. უკვე დღევანდელი განცხადებით კი, სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებმა ყირიმში სამხედრო წვრთნები დაასრულეს და მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში ბრუნდებიან.