ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინელების მხარდამხარ იბრძვის

კორესპონდენტის ინფორმაციით საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში 50 მოხალისესთან ერთად უკრაინელების მხარდამხარ იბრძვის.

ირაკლი ოქრუაშვილი თავის სოციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც უკრაინაში წასვლის მიზეზებზე საუბრობს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ერთი კვირის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წინა დღეს, ტყვიავში ხეივანზე ვიჯექი და ვაზს ვსხლავდი. გამვლელ-გამომვლელი ახლობლები მეტწილად იმას მეკითხებოდნენ ვაზის სხვლის სწავლა როდისღა მოვასწარი, არადა რა სწავლა მაგას უნდა თუ მოინდომე. ზოგი იმას მეუბნებოდა თუ როგორ უკვირთ სოფელში, რომ უშუალოდ მე ვმუშაობ, თანაც ძალიან ბევრს. მოკლედ, გაგანია ომი მიდის, ვაზს ვსხლავ და ამ უაზრო შექება-კითხვებით და ომის დაწყებით გაბრაზებული საკუთარ თავს ვლანძღავ – რა ჯანდაბას ვაკეთებ ახლა მე აქ, როდესაც იქ ჩვენი ომია და უკრაინელები საქართველოს ბედს წყვეტენ. შუადღე გადასული იქნებოდა გურამ ჩალაგაშვილ -მა რომ დამირეკა – თბილისიდან შენთან ჩამოსვლა და დალაპარაკება მინდაო. ჯერ ისევ ხეივანზე ვიჯექი და სხვლას ვაგრძელებდი რომ მესტუმრა და ცეცხლზე ნავთი დამისხა – როდემდე აპირებ ამ სისულელეებით გართობას, რა შენი საქმე ვაზის სხვლა და ქლიავის ბაღების მოვლააო. სულ გამოვედი მდგომარეობოდან, ჩემი საყვარელი ვაზის მაკრატელი Felco 11 მარჯვნივ მივაგდე, გასაშლელი კიბე მარცხნივ და ახლა უკვე ჯაველინი მიჭირავს ვაზის მაკრატლის მაგივრად. ალბათ ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი თანაც იარაღით ხელში. ვისაც გული გერჩით, თავისუფლების ფასი იცით და მინიმუმ კალაშნიკოვის გამოყენება შეგიძლიათ, ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ – უკრაინაში. პ.ს. არასოდეს დამავიწყდება პოლონეთის საზღვარზე ბევრი შეშინებული ბავშვის თვალები. “