ისრაელმა უკრაინისთვის რკინის გუმბათის სისტემის მიყიდვა შეწყვიტა

ებრაული მედიის ცნობით, ისრაელმა შეაჩერა აშშ-ს მცდელობა, მიეყიდათ უკრაინისთვის რკინის გუმბათის (Iron Dome) ანტისარაკეტო სისტემის რამდენიმე ბატარეის მიყიდვა. მიზეზად სახელდება ისრაელის რუსეთთან ურთიერთობის დაზიანების შიში. 

ისრაელის მედიის ანგარიშის მიხედვით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული მხარე განსაკუთრებით დააინტერესა გასული წლის ღაზის სექტორთან კონფლიქტის პერიოდში. 

2021 წლის მაისში პალესტინური ანკლავის, ღაზის სექტორის მმართველმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის მიმართულებით ინტენსიური სარაკეტო იერიშები წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ალ-აკსას მეჩეთთან შეტაკებები მოხდა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ისროლეს 3000-ზე მეტი რაკეტა, რომელთა უმეტესობაც საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათმა უვნებელყო.

მედიის ცნობით, უკრაინის წარმომადგენლებმა გასულ წელს მუშაობა დაიწყეს ამერიკელ კონგრესმენებთან, რათა ისინი დაერწმუნებინათ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიყიდვაზე. მედიისვე ინფორმაციით, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა ბაიდენის ადმინსიტრაციას ოფიციალურად სთხოვეს რკინის გუმბათისა და პატრიოტის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების შეძენა. მაშინ, როცა არ არსებობდა უკრაინის რუსეთში შეჭრის საფრთხე, დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები თანახმა იყვნენ და მხარს უჭერდნენ სისტემების უკრაინისთვის გადაცემას. 

თუმცა, რადგან რკინის გუმბათი არის ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი პროექტი, მესამე ქვეყნისთვის სისტემის მიყიდვა ორივე მწარმოებელი მხარის თანხმობის გარეშე დაშვებული არაა. შესაბამისად, აშშ-ს თანხმობის მიუხედავად, საჭირო იყო ისრაელის დასტურიც. 

ანგარიშის მიხედვით, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებმა აშშ-ს წარმომადგენლებთან არაოფიციალურ საუბრებში ნათლად გამოხატეს, რომ არ დათანხმდებოდნენ რკინის გუმბათის სისტემის კიევისთვის გადაცემას, რადგან ეშინოდათ, რომ ეს დააზიანებდა მათ ურთიერთობას რუსეთთან. ისრაელისთვის ეს პრობლემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო მოსკოვის სირიაზე არსებული გავლენის გათვალისწინებით.

ისრაელის მხარის არგუმენტებით დარწმუნებულმა აშშ-ს მხარემ საბოლოოდ უარი თქვა როგორც რკინის გუმბათის ისე პატრიოტის სისტემის უკრაინისთვის მიყიდვაზე.

ამის შემდეგ, ცნობის მიხედვით, უკრაინის წარმომადგენლებმა პირდაპირ მიმართეს ისრაელის მხარეს. 

9 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ მის ქვეყანას, რუსეთის თავდასხმის საშიშროების ფონზე, ისრაელთან საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით ფართო კოოპერაცია სურს. ისრაელის ტელევიზიის ცნობით, უკრაინა ისრაელის მხარესთან განიხილავდა რკინის გუმბათისა და სხვა ანტისარაკეტო სისტემების, ასევე კიბერთავდაცვის ტექნოლოგიების საკითხებს.

კულებას თქმით, “ამჟამინდელი მოცემულობებით, არის ღრმა კოოპერაცია” კიევსა და იერუსალიმს შორის. 

“ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ გაღრმავებული თავდაცვის კოოპერაციით თავდაცვით ტექნოლოგიებში, კერძოდ საჰაერო თავდაცვაში. ჩვენ მივესალმებოდით ისრაელის მცდელობას ეთამაშა დიპლომატიური როლი რუსეთსა და უკრაინას შორის”, – ამბობდა კულება. 

ისრაელის მედიის ინფორმაციით, უკრაინამ ისრაელთან რკინის გუმბათის საკითხი რამდენჯერმე განიხილა.