პალიტრანიუსი და მე 2018 წელს შევხვდით, როდესაც პრაქტიკული აკადემიის კურსის შესახებ სრულიად შემთხვევით, facebook-ზე -სქროლვისას“ შევიტყვე. ჟურნალისტიკაში თავის დამკვიდრება რთული გამოდგა. პრინციპულად არ მინდოდა სხვა საქმის კეთება, თუმცა მაშინ ჩემი პროფესიიდან ძალიან შორს მდგომი საქმის კეთება მომიწია ერთი თვით. როდესაც იქ დავასრულე მუშაობა, მეორე დღეს მხოლოდ ერთი დღით იყო გასაუბრება და მივხვდი, რომ ეს იყო ნიშანი, რომელსაც ცხოვრება მიჩვენებდა, რომ არ უნდა დავშორებოდი ჟურნალისტიკას. ძალიან სასიამოვო დამთხვევა იყო ისიც, რომ ზუსტად ის თანხა, რაც გამოვიმუშავე ერთი თვის მანძილზე, სრულიად ჰყოფნიდა პრაქტიკული აკადემიის სამ თვიან კურსს. ეს იყო ყველაზე კარგი ინვესტიცია, რადგან ამ ტელევიზიამ გამიხსნა კარი ჩემს პროფესიაში. სწორედ მადლიერების ნიშნად მივიჩნიე, რომ აქ მიღებული ცოდნა, -პალიტრანიუსისთვის“ მიმეძღვნა და ერთგულად მემსახურა. -პალიტრანიუსმა“ მაპოვნინა ჩემში ახალი შესაძლებლობების მქონე ადამიანი. საქმე, რომელსაც დღეს ვემსახურები – -ტელეწამყვანობა“ წინა წლებში გაფიქრებისთანავე ქრებოდა ჩემი წარმოდგენიდან, რადგან მიუწვდომელი მეგონა და კადრს მიღმა მუშაობაზე უფრო მეტს ვფიქრობდი. განათლებით ჟურნალისტი ვარ და როდესაც იმ დროს, -პალიტრანიუსის“ გენერალურმა პროდიუსერმა მაკა ლომიძემ წამყვანობა შემომთავაზა, ჯერ კიდევ სტაჟირებას გავდიოდი, ამიტომ ძალიან მოვინდომე, რომ ჩემს თავზე მემუშავა და რეალობად მექცია ის, რაზეც ადრე ფიქრსაც ვერიდებოდი. ძალიან მიხარია, რომ ე. წ. ნაცნობების გარეშე, ჩემით ავდივარ ყველა საფეხურს, ამის საშუალებას კი თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზიის სივრცე მაძლევს.
მე და ლევანმა ერთმანეთი 5 წლის წინ გავიცანით, თუმცა მანამდე, წლების განმავლობაში სულ ვამჩნევდით ერთმანეთს თავშეყრის ადგილებში. მაგალითად, დაახლოებით 8 წლის წინ, ორივე კარაოკე ბარში დავდიოდით და ერთ დღეს, როდესაც სცენაზე ვმღეროდი the killers- ის mr brightside-ს, ლევანმა მეორე მიკროფონი აიღო და ჩემი სიმღერა გადაფარა. არაფერი რომ აღარ ისმოდა, გაბრაზებული ჩამოვედი. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს lOUDspeakers-ის ვოკალისტი არისო, აქედან გავიგე ბენდის შესახებაც და დამამახსოვრდა.