მამაკაცი, რომელიც გორში 82 წლის მამამ დაჭრა, გარდაიცვალა

47 წლის გიორგი მეგრელიშვილი, რომელსაც გორში, 82 წლის მამამ დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გორში 30 იანვარს საღამოს საათებში, 47 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ მისი 82 წლის მამა დააკავა. მისი შვილი კი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პაციენტი 4 დღის წინ, დანით მიყენებული მრავლობითი დაზიანებით, “გორმედის”კლინიკაში იქნა გადაყვანილი. კლინიკაში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დაზარალებულს სხეულზე 30-ზე მეტი მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა. რეანიმატოლოგის განცხადებით მამაკაცს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში აღმოაჩნდა. ასევე დაზიანებული იყო მუცლის ღრუს თითქმის ყველა ორგანო. დაზიანებების ხარისხმა დღეს პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

გარდაცვლილი მამაკაცის მამა, პოლიციამ 30 იანვარს, შემთხვევიდან მალევე დააკავა. გორის რაიონულმა სასამართლომ შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 82 წლის კარლო მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ იგი წლების განმავლობაში შვილის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.