ნიუ-იორკში, კერძოდ როზამონდ გიფორდის ზოოპარკში, ერთი და იმავე სქესის პინგვინთა წყვილმა პირველ იანვარს ბარტყი გამოჩეკა. მშობლები მას საკვებითა და სითბოთი უზრუნველყოფენ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჰუმბოლდტის ჯიშის (Spheniscus humboldti) ორი მამრი პინგვინი, ელმერი და ლიმა, შეწყვილდა და გამრავლების სეზონისათვის ბუდე ააშენა. გასაგები მიზეზების გამო, მათ საკუთარი კვერცხი არ ჰქონდათ, თუმცა თავიანთ ტერიტორიას იცავდნენ და სხვა ნამდვილი მშობლებივით იქცეოდნენ. სწორედ ამიტომ, მომვლელებმა მათ ყალბი კვერცხი მიუტანეს იმის გასაგებად, თუ რამდენად სწორად მოუვლიდნენ მას.
“ზოგიერთი წყვილი ასეთ დროს ბუდეზე ჯდება, მაგრამ კვერცხს გვერდით ტოვებს და სწორად არ ჩეკს, ან პინგვინები ერთმანეთში ჩხუბობენ, თუ როდის რომელი უნდა დააჯდეს”, — განაცხადა ტედ ფოქსმა, ზოოპარკის დირექტორმა — “სწორედ ასე ვაფასებთ, თუ ვინ გამოდგება მიმღებ მშობლად — ელმერი და ლიმა კვერცხის მოვლის ყოველ ასპექტში სამაგალითოები აღმოჩნდნენ”.