მედპერსონალი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან მედპერსონალის ინფიცირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკები ცდილობენ დეფიციტი აირიდონ და პირველადი ჯანდაცვის ქსელში, მედპერსონალი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თავად არიან ინფიცირებულები.

მედპერსონალის დიდი ნაწილი აცრილია, რის გამოც იმედოვნებენ, რომ დაავადება მსუბუქად ჩაივლის.

“რა თქმა უნდა, მედპერსონალის ინფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი რისკი, რომლის მოლოდინიც გვქონდა მედპერსონალის ინფიცირება იყო. მათი დიდი ნაწილი აცრილია, აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ დაავადება მსუბუქად ჩაივლის, უმრავლესობა უსიმპტომოა.

აქტიურად განიხილება იზოლაციის ვადების შემცირება და შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო გამოცდილებასთან, რაც არის 5 დღე და ტესტირების საფუძველზე სამსახურში დაბრუნება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მედპერსონალი, რომელიც უსიმპტომოა და 5 დღის შემდეგ უარყოფითი იქნება დაუბრუნდეს დროულად და არ შეიქმნას პრობლემები.

დღესაც პირველადი ჯანდაცვის ქსელში მედპერსონალი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თავად არის ინფიცირებული. ამგვარი ღონისძიებებით კლინიკები ცდილობენ დეფიციტი აიცილონ“,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.