ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ვითარება კვლავაც დაძაბულია. დათხოვილი მთავრობა, 212 მილიონი ზარალი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით განთავსებული რუსი სამშვიდობოები, ასეთია დღევანდელი რეალობა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 9 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, შეტაკებებში 164 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 103 ალმათიში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლა.

დაკავებულია 6000-ზე მეტი ადამიანი. ყაზახი სამართლდამცველები ქუჩაში პატრულირებას და ეჭვმიტანილთა ძიებას კვლავაც განაგრძობენ.

წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 212 მილიონ დოლარს აღემატება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანებულია 400-ზე მეტი ავტომობილი. მოროდიორებმა დაარბიეს 100-ზე მეტი მსხვილი სავაჭრო ობიექტი და ბანკი. დეფიციტურია პური და სხვა სასუსათო პროდუქტი, რომლისთვისაც ჯერ კიდევ დაკეტილ მაღაზიებთან მთელი დღის განმავლობაში რიგებია.