გერმანიასა და ავსტრიაში რეგულაციები შემსუბუქდება

BBC-ის ცნობით, ავსტრია და გერმანია კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ აუცრელ მოქალაქეებზე კვლავ იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, გერმანია 20 მარტს „თავისუფლების დღეს“ გამოაცხადებს, ხოლო ავსტრია 5 მარტიდან შეზღუდვების უმრავლესობას მოხსნის.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიამ თვის დასაწყისში ვაქცინაცია სავალდებულო გახადა, ამ მხრივ ის ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა. გერმანიის კანცლერსაც ანალოგიური გეგმები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კოვიდრეგულაციების მოხსნა იგეგმება.

„პანდემია არ დასრულებულა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. მისი თქმით, ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალი შემოდგომისა და ზამთრის წინ.

რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, შვეიცარიამ განაცხადა, რომ ხუთშაბათიდან ბარებში, რესტორნებსა და სხვა დახურულ სივრცეებში შესასვლელად კოვიდპასპორტები აღარ იქნება საჭირო. ნიდერლანდები 25 თებერვლიდან შეზღუდვების უმრავლესობის მოხსნას აპირებს, მათ შორის, ბარების სამუშაო საათები აღარ შეიზღუდება, ხოლო პირბადის ტარება უმეტეს ადგილას სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის ტარების შეზღუდვა გარე სივრცეში უკვე გააუქმა საფრანგეთმაც. შიდა სივრცეში მისი გაუქმება კი მარტის შუა რიცხვებიდან იგეგმება.

ნორვეგიაში ბოლო შეზღუდვები 12 თებერვალს გაუქმდა. რეგულაციების უმრავლესობა მოიხსნა ინგლისშიც.