რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ტოვებენ უკრაინის ტერიტორიას, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti წყაროზე დაყრდნობით.
„უკრაინის მოქალაქეები ამბობენ, რომ რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოს თანამშრომლებმა უკრაინაში დაიწყეს რუსეთში გამგზავრება. ამას, კერძოდ, ადასტურებს საკონსულოსა და საელჩოში მიღებაზე ჩაწერის სირთულეები“, – ციტირებს RIA წყაროს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 10 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვმა ნახა დასავლეთის ქვეყნების ქმედებები და შესაძლოა, თავადაც ურჩიოს დიპლომატიური მისიის არააუცილებელ პერსონალს სახლში წასვლა.
საელჩომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და ნაწილობრივი ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
არაერთი ქვეყანა მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ, მათ შორის, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ნიდერლანდი და ა.შ.
დასავლეთში მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეიძლება დაესხას თავს უკრაინას. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმას და საზღვარზე ჯარების თავმოყრას ხსნის მანევრებით.
დაძაბულობის ფონზე რუსეთი ნატოსა და აშშ-ისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. დასავლელი დიპლომატები თვლიან, რომ წაყენებული მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, შეთანხმება მიღწეული არ არის.
•
რუსი დიპლომატები უკრაინას ტოვებენ
