რუსეთმა ქარი დათესა და ქარიშხალს იმკის-გია ჯაფარიძის ანალიზი.
რუსეთმა მიიღო წერილობითი პასუხები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოსგან. ეს უნდა განვიხილოთ როგორც ერთი კომბინირებული პასუხი, შტატები სულ იმეორებდა და გუშინაც თქვა სახელმწიფო მდივანმა, რომ აშშ-ს პასუხის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო ნატო-ს და ევროპელ პარტნიორებთან.
რუსეთმა მიიღო უარი წაყენებული ულტიმატუმის იმ ნაწილზე, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გადახედვას, ანუ ნატო-ს გაფართოებაზე უარის თქმას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, და მოკლედ რომ ითქვას, მეორე მსოფლიო ომის და ცივი ომის შემდეგ მოსკოვის თანხმობითვე შექმნილი საერთაშორისო წესრიგის დანგრევას შეეხებოდა. ნატო გაფართოვდება, სახელმწიფოები სუვერენული ერთეულებია და თვითონ წყვეტენ, რომელ კავშირში გაწევრიანდებიან.
ნატოს და აშშ-ს ფუნდამენტური პრინციპები არ გადაიხედება, თუმცა, მზად არიან, განიხილონ უსაფრთხოების საკითხები, რომელიც რუსეთს შეიძლება აწუხებდეს და დიპლომატიის გზით მიაღწიონ შეთანხმებას ისეთ თემებზე, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი, მეტი გამჭვირვალობა, სამხედრო წვრთნები და ა.შ.
აშშ-ს და ნატო-ს პასუხი შეიცავს კონტრ-წინადადებებს და დასავლეთის წუხილს რუსეთის ქმედებებზე, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებას და საერთაშორისო სამართალს უთხრის ძირს. მათ შორის, ნატო მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან, სადაც ისინი იმყოფებიან უკანონოდ, საერთაშორისო ნორმების დარღვევით.
აშშ-ს თხოვნაა, მისი პასუხი რუსეთმა არ გახადოს საჯარო. ამას აქვს ახსნა – 1) რუსეთისთვის რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით (საერთაშორისო დამცირების თავიდან აცილება, რუსეთის შიგნით სახის შენარჩუნება) ვაშინგტონი სივრცეს უტოვებს მოსკოვს მოლაპარაკებების პროცესის და წერილობითი კორესპონდენციის შინაარსის მისეული ინტერპრეტირებისთვის; 2) დიპლომატია შედეგზე ორიენტირებული საქმეა და საჯაროობა სასურველი შედეგის მიღწევას ხელს უშლის. რუსეთს შეუძლია არ გაითვალისწინოს აშშ-ს თხოვნა და გაასაჯაროოს პასუხი, თუმცა, არ მგონია, მას ეს სურდეს.
რუსეთი უკმაყოფილო იქნება პასუხით. რუსეთმა ქარი დათესა და ქარიშხალს იმკის. ნატო ზრდის სამხედრო ძალებს მის საზღვართან, უკრაინას აიარაღებს ბევრი პარტნიორი სახელმწიფო, აშშ ზრუნავს ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებაზე.