თბილისში ყოფილის სანატორიუმთან შემზარავ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება თამთა მიქელაძე.
“ოფიციალური წყაროებით, 2020 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 288 146 დევნილი პირი და 91 023 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. 2020 წლისთვის სახელმწიფოს 42 370 ოჯახი ჰყავს განსახლებული, ხოლო 40 131 ოჯახს დადგენილი წესით შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით და განსახლების მოლოდინშია.
ანუ ომიდან თითქმის 30 წელია გასული და სახელმწიფომ დევნილი ოჯახების მხოლოდ 50 % დააკმაყოფილა საცხოვრებლით. ხალხის, რომელმაც ძალადობის, დევნის, შევიწროების, დაკარგვის და მარგინალიზაციის ყველაზე მძიმე გამოცდილება გამოაირა, ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებას სახელმწიფო ამდენი წლის შემდეგაც ვერ ახერხებს.
უკვე კვირებია აქ მცხოვრები დევნილები ადეკვატური ალტერნატივის მიღებას ითხოვენ, რადგან ეს ადგილი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის. ეს დღეებია დევნილები ქუჩაში მორიგეობენ პროტესტის ნიშნად, და როგორც ამბობენ, მათი ხმა უპასუხოდ რჩებოდა.
მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილმა რამდენჯერმე თქვა, რომ ყურადღების მიქცევის მიზნით ამას გააკეთებდა. ჩვენი მოსახლეობის 7 % დევნილია და ჩვენმა მთავრობამ დევნილთა სამინისტრო გააუქმა.
განსახლების პროცესი მეტნაკლები პოზიტიური დინამიკით მიდის, მაგრამ იმის გამო, რომ მწვავედ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მთავრობაში არავინ გრძნობს, ასეთი მაღალი დონის უწყება უბრალოდ არც არსებობს, როგორც ვთქვი, დევნილების ხმა სათანადოდ გაგონილი და პოლიტიზირებული არ არის.
ამგვარი ფაქტები კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესზე ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს. საქართველოს ხელისუფლება მისი ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფი დევნილების სოციალურ გამოწვევებს ვერ უმკლავდება, როგორ შეძლებს ის უფრო დიდი პასუხისმგებლობების აღებას კონფლიქტის რეგიონების მიმართ?! მაგრამ სად სცალიათ ხელისუფლებაში ამისთვის, დასვენებაში არიან უკვე ორი კვირაა თითქმის, და ისედაც.”