უილიამ უოლასს ელოდებით რომ მოვა და ჭექა-ქუხილს დაარისხებს?

“დაგინახავთ დაჩაგრული დევნილის გასაპროტესტებლად გამოსული დევნილები? გინახავთ გაგდებული მეეზოვის დასაცავად გამოსული მეეზოვეები? გინახავთ სიკვდილამდე მიყვანილი სკოლის დირექტორის გამო გამოსული დირექტორები? გინახავთ სამსახურიდან გათავისუფლებული მასწავლებლის დასაცავად გამოსული მასწავლებლები?

გინახავთ ნაცემი და ქვეყნიდან გაგდებული სპორტსმენის დასაცავად სპორტსმენების საპროტესტო აქცია? გინახავთ განადგურებული კულტურული მემკვიდრეობის გასაპროტესტებლად რუსთაველზე არქეოლოგები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები? გინახავთ მუზეუმიდან გაყრილი ხელოვნებათმცოდნეების დასაცავად ხმაამოღებული აგერ წინა პუნქტში ჩამოთვლილი კატეგორია? გინახავთ ნათრევი ხეების და დატოვებული თხრილების გამპროტესტებელი გარემოს დამცველები?

გინახავთ გასამართლებული „ბანკირების“ დამცველი, აღშფოთებული „ბიზნესმენები“? გინახავთ მიჩმორებული და ნაგინები პოლიციელის დასაცავად პოლიციელების პროტესტი? გინახავთ ეკლესიიდან გაგდებული მართალი მღვდლის დასაცავად გამოსული მღვდლები? გინახავთ გაგდებული საჯარო მოხელის დასაცავად საჯარო მოხელეების სოლიდარობა?

იქნებ გაგდებული რეჟისორის ქომაგი რეჟისორები გინახავთ? ან გაგდებული ჰოსპიტლის ექიმების ….? ან ნაცემი პოეტის…? ან გადმოვარდნილი მშენებლის….?

ან….ან….ჰოდა რას ამუნათებთ ამ ოპოზიციას ვერ გავიგე? უილიამ უოლასს ელოდებით რომ მოვა და კუილით ჭექა-ქუხილს დაარისხებს? პროფესიული ღირსება და კეთილსინდისიერება თქვენ არ გაქვთ, და არც სოლიდარობა. ჩხენკელმა სკოლის ფიზიკაში ბრტყელი დედამიწის სწავლება რომ დანერგოს, ფიზიკოსი არ გამოჩნდება მრგვალიაო რომ ამოიკნავლოს. ბედი ჩვენი, რომ მთლად ამისთანა სისულელეზე არ მიდიან. არ სჭირდებათ უბრალოდ, თორემ მაგაზე ნაკლებ სისულელეებს არ უნერგავენ ბავშვებს ტვინებში.-მიმართავს ილია ამრტაშვილი საზოგადოებას.