ჰოი რამხელა ძალა ჰქონია „არაერთ სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეს’’, ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე. წლების წინ, როცა საფრანგეთში ვსწავლობდი, იმავე დროს დეკანოზი ზაზა თევზაძე ინგლისში იყო ენის კურსებზე. მაშინ ინტერნეტი ასე გავრცელებული არ იყო და ტელეფონზე დარეკვა ძვირი ღირდა. ჰოდა, საფრანგეთში მირეკავს შორენა და მეუბნება – „არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მრევლის“ წერილი შემოვიდაო, რომ ინგლისში მამა ზაზა შორტებით დადის და მრევლი ბრკოლდებაო, ამიტომ შენ ახლა, საფრანგეთიდან დაურეკე მამა ზაზას ინგლისში და უთხარი, რომ საპატრიარქოდან დაგირეკეს, ნუ დადის შორტებით, ნუ აბრკოლებს მრევლსო. მე მაშინ სამაგალითო მამაო ვიყავი და მხოლოდ ეს აღმომხდა: ჭეშმარიტად ვერაფერი და ვერსად გამოეპარება ღვთივგაბრძნობილი ქართველი ერის აღშფოთებულ მზერას! ვერც მღვდელი შორტებით და ვერც შეცდომა წიგნში, სადაც საჭიროა ყოველთვის აუწყებს! ვერავინ გაივლის ვერც შორტებით და ვერც უშორტებოდ – ამას ვამბობდი და საკუთარ შორტებს ცეცხლს ვუკიდებდი, რამეთუ შორენას ახლა უკვე ინგლისში არ დაერეკა მამა ზაზასთვის – საფრანგეთში მამა ბასილი შორტებით დადის და მრევლს აბრკოლებსო და ასე უსასრულოდ.-ასეთი შეფასებით ეხმაურება ბასილ კობახიძე კულტურის სამინისტროს დრევანდელ განცხადებას.
•