ჯანდაცვის სამინისტროში სოციალურ აგენტებთან შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში სოციალურ აგენტებთან შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ის კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა შრომის პირობების გასაუმჯობესებლად გადადგა.

შეხვედრაზე განიხილეს სოციალური აგენტებისთვის, ფიქსირებული ანაზღაურების 60%-მდე ზრდა – ანაზღაურება 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

“შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს დასაქმებულთა წინაშე დგას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში აქტიურად გაგრძელდეს სამომავლო საქმიანობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება, როგორც დასაქმებულთა, ასევე ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდენ, რომ შემდგომი განვითარების და გაძლიერების გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში წარიმართება”,-წერია სამინისტროს განცხადებაში.