საბჭოთა სკოლის ფუნქცია იყო მონები მონური აზროვნებისთვის მიეჩვია

ხშირად გამიგია, რომ “საბჭოთა განათლება” კარგი იყო, არგუმენტად კი ის მოყავთ, რომ “მათემატიკას უკეთ ასწავლიდნენ”. -წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

მე საბჭოთა სკოლაც მაქვს გამოვლილი და არასაბჭოთაც, კერძოც და საჯაროც. ისე გამოვიდა, რომ 6 განსხვავებულ სკოლაში მისწავლია. მახსოვს, თუ როგორ გვასწავლიდა ნარგიზა მასწავლებელი საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ლენინის გენიალურ ლექსებს. შემდეგ წელს გენიალური უკვე სტალინი იყო, მოგვიანებით კი ორივე გამსახურდიამ ჩაანაცვლა. ისიც მახსოვს, რომ ლექსებს მაინც ვერ ვსწავლობდი და ნიშნებს მხოლოდ იმიტომ მიწერდნენ, რომ მათემატიკაში იშვიათად თუ მჯობნიდა ვინმე.

ჩემი გამოცდილება და ცოდნა ერთს მეუბნება – საბჭოთა სკოლა, არათუ არ იყო სწავლაზე ორიენტირებული, არამედ პირიქით, ადამიანში სწავლისაკენ მისწრაფებას კლავდა. საბჭოთა სკოლის მთავარი დამახასიათებელი – მოსწავლეში კრიტიკული აზროვნების და ზოგადად აზროვნების განადგურება იყო. სკოლაში თქვენ ვერასდროს ისწავლიდით რეალური სამყაროსთვის მნიშვნელოვან საკითხს. მაგალითად, ვერ გამართავდით კრიტიკულ დისკუსიას ქვეყნის ისტორიაზე, რომელიც ახლაც კი მხოლოდ ერთი „ჭეშმარიტი“ ფორმით ისწავლება. პოლიტიკაზე საუბარი დღემდე აკრძალულია სკოლებში, გეგონება ეს პოლიტიკა ჩვენ შვილებს არ ეხებათ და ისინი სტერილურ მდგომარეობაში უნდა იზრდებოდნენ, სანამ 18 წლის მიღწევასთან ერთად მათში სასწაულებრივად პოლიტიკის გააზრების უნარი არ დაიბადება. მათემატიკაშიც კი იშვიათად მოითხოვებოდა აზროვნება და თუ არ მეთანხმებით, გულწრფელად თქვით, ვინ იცის რა შინაარსია ლოგარითმირებაში? საბჭოთა სკოლაში ხომ ყველამ ისწავლეთ ლოგარითმირება და ვინ იცოდა მისი შინაარსი (და არა გათვლის მეთოდი), ან ვის მოუყვნენ ლოგარითმის გამოგონების ისტორია?

საბჭოთა სკოლას მხოლოდ ერთი ფუნქცია გააჩნდა – მონები მონური აზროვნებისთვის მიეჩვია. მიეჩვია ესწავლათ ის, რასაც ეტყოდნენ, რაიმე კითხვების და კრიტიკის გარეშე.

ვერც ნაქები მათემატიკის, ფიზიკისა თუ ქიმიის ცოდნა გამოგვადგა. ვინც ჩემი ასაკისაა, კი ემახსოვრება ჩუმაკის და კაშპიროვსკის გადაცემები, სადაც ისინი ხელებს იქნევდნენ და ტელევიზორთან დალაგებულ ქილებში წყალს თავისი „ენერგიით მუხტავდნენ“. ქილები კი ტელევიზორთან ჩვენმა საბჭოთა-სკოლადამთავრებულმა მშობლებმა, ბებიებმა და ბაბუებმა დაალაგეს.

მოგვიანებით კი, როდესაც იმ საბჭოთა-სკოლა გავლილი ხალხი ჩვენი ქვეყნის სათავეებში ჩადგა, კი ვიცით, რაც მივიღეთ. ჩვენი პოლიტიკოსები, ჩვენი კრიმინალები, ჩვენი თაღლითები და უსაქმურები, ჩვენი ის ყველაფერი, რაც არ მოგვწონს, საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირის „სკოლის“ შედეგია და თუ ამ სკოლის შედეგები არ მოგვწონს, მაშინ, როგორ შეიძლება მათი სკოლა კარგი ყოფილიყო?