ხელფასის მიმღებთა 62 % ხელზე იღებს 480 ლარს ან ნაკლებს

საქართველოში ხელფასის სახით წელიწადში გაიცემა 15 მილიარდი ლარი. ხელფასის მიმღებთა 62 პროცენტი ხელზე იღებს 480 ლარს ან ნაკლებს. ამ შემოსავლით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილისთვის იქნებოდა განწირული, რომ არა უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეების მიერ გადმორიცხული თანხები. აქ პრობლემა ისიცაა, რომ ყველა ოჯახს არა ჰყავს გარედან დამხმარე. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც ვერ უზრუნველყოფს. მათი პროტესტი თუნდაც იმიტომ არის სამართლიანი, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ათეულ ათასობით ადამიანი და ქართული ოცნების პარტიული აქტივი გაფორმებულია სახელმწიფო დაწესებულებებში და 4-5-ჯერ მეტ ხელფასს იღებენ უსაქმურობაში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც პატიოსნად აკეთებენ თავიანთ საქმეს.