თამთა მიქელაძე სანატორიუმ ქართლში დატრიალებულ ტრაგედიას ემოციურ პოსტს უძღვნის.
კიდევ ერთხელ მინდა დავწერო დღევანდელ პროცესიაზე.
ის თვალშისაცემად პერფომატიული იყო. ყველა სიმბოლო მიუთითებდა კოლექტიურ ჩასახლებაში მცხოვრები სამეზობლოს მაღალ პასუხისმგებლობაზე და თანაგანცდაზე მომხარის მიმართ; გარდაცვლილი საერთო დარბაზში და არა კერძო სახლში იყო დასვენებული, პროტესტის ტრაფარეტების ფონზე;
მეზობლებმა, ქალებმა, კაცებმა, ახალგაზრდებმა გასვენების დროს იმავე ადგილიდან ყვავილები გადმოყარეს პატივისცემის ნიშნად;ყველა ჩიოდა, რომ ბატონმა ზურამ მათ გამო გაიღო უმძიმესი მსხვერპლი და ეს პასუხისმგებლობა მძიმე ტვირთად აწვათ; ხანგრძლივ გზაზე, ჩასახლების ადგილიდან სასაფლაომდე ხელით მიასვენეს გარდაცვლილი პატივისცემის ნიშნად.
იმ ადგილას ყველაფერი გაჩერებული იყო რამდენიმე წუთით; გარშემო ყველაფერი – შავოსანი ქალები სამოსზე მათი გარდაცვლილების ფოტოებით, მონგრეული შენობა, ფანჯრებთან გამოკიდებული გაზის წითელი ბალონები, საერთო სიღარიბის ფონი, უიმედო და მრავალტანჯული სახეები – დევნილების უმძიმეს ისტორიას აჩვენებდა;დანგრეული კორპუსის ფანჯრებიდან თბილისის ლურჯი ზღვა მოჩანდა, და წამით გავიწყდებოდა, რომ აფხაზეთში არ იყავი. ყველაფერი პრობლემის პოლიტიკურობაზე უთითებდა, მაგრამ დაკრძალვაზე ვერ ვნახე ვერც პოლიტიკური აქტორები და ვერც სასულიერო პირები.