ექიმებმა არ იციან „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ არსებობს თუ არა მულტისისტემური ანთების განვითარების ალბათობა, რადგან „ომიკრონის“ გამოვლენიდან ჯერ ცოტა დროა გასული.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძეს თქმით, ჯერ არ აქვთ ინფორმაცია განსხვავდება თუ არა ომიკრონი კორონავირუსის სხვა მუტაციებისგან.
„არავინ იცის, როგორი გართულება ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ. ამისთვის რაღაც დრო უნდა გავიდეს. პირველი შემთხვევა ომიკრონის დეკემბერში დაფიქსირდა და თვეზე ცოტა მეტია გასული, ასე რომ მინიმუმ კიდევ 5-6 თვე არის საჭირო შევადაროთ ომიკრონი ადრე არსებულ დელტას, რომლის პოსტკოვიდური გართულებების შესახებ ინფორმაცია დეტალური გვაქვს. ასე რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. იაშვილის კლინიკაში ძირითადად ჰოსპიტალიზდებიან ბავშვები სწორედ მწვავე ფაზის შემდეგ გადატანილი მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ბავშვი არ შემოსულა, სადაც „ომიკრონი“ არის დადასტურებული. რა თქმა უნდა ველოდებით ჩვენ ამ შემთხვევების მატებას, მაგრამ ჯერჯერობით არის თუ არა „ომიკრონი“ ამ მხრივ განსხვავებული კორონავირუსის სხვა მუტაციებისგან, ეს ინფორმაცია არ არსებობს“, – განაცხადა ჩხაიძემ.